სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი 2-დღიანი ვიზიტით რუსეთში გაემგზავრა.
ფაშინიანი სანქტ-პეტერბურგში დღეს ევრაზიულ-ეკონომიკური საბჭოს სხდომას, ხვალ კი დსთ-ის არაფორმალურ სამიტს დაესწრება. გასულ შეხვედრებს, რომელიც ბიშკეკში გაიმართა, ის არ დაესწრო.
მან უარი თქვა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტზე მონაწილეობაზეც, რომელიც ნოემბრის ბოლოს მინსკში გაიმართა. სომხეთის პრემიერის თქმით, უსაფრთხოების ის სისტემები, რომელთა მონაწილეც ერევანი იყო, ეფექტურობით არ გამოირჩეოდა.
14 დეკემბერს, ფაშინიანის პოზიციას ვლადიმერ პუტინიც გამოეხმაურა. მისი თქმით, სომხეთის მიერ ევრაზიულ-ეკონომიკური საბჭოსა და დსთ-ის დატოვება თავად ქვეყნის ინტერესებში არ შედის.