აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის მრჩეველი, კრის სოჩა აცხადებს, რომ ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს კონგრესის წევრები მიესალმნენ.
მისი თქმით, მიმდინარეობს დისკუსია დამატებითი სანქციების და ასევე იმის შესახებ, შევლენ თუ არა შავ სიაში სხვა სუბიექტები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი. ამის შესახებ მან ფორმულასთან ინტერვიუში ისაუბრა.
"სანქციების საკითხი კვლავ განხილვის თემაა ვაშინგტონში, როდესაც ადმინისტრაციამ დააწესა სანქციები ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ, კონგრესის წევრები ამას მიესალმნენ. გაჩნდა კითხვები, რა იქნება შემდეგ - დაუწესდება თუ არა სანქციები მეტ მოსამართლეს? შევა თუ არა შავ სიაში სხვა სუბიექტები საქართველოდან, მათ შორის ივანიშვილი. ეს არის მიმდინარე დისკუსია, ველოდებით ადმინისტრაციის მომდევნო ნაბიჯებს. შემდგომ ქმედებებს განიხილავს აშშ-ის კონგრესიც, ეს ვაშინგტონში ახლა ღია კითხვად რჩება.
სანქციები მოსამართლეების წინააღმდეგ ინდივიდუალური სანქციებია, ვფიქრობ, თქვენ ნახავთ ჩვენი მხრიდან დაკვირვებას, ადამიანებზე, საქართველოს საზოგადოებასა და მთავრობაში, თუ რას აკეთებენ ისინი ადამიანის უფლებების, ასევე, ქართველი ხალხის მისწრაფებებისთვის ხელის შეშლის კუთხით. თუ აშშ-ის მთავრობა ან კონგრესი დაადგენს, რომ ისინი აფერხებენ ქართველი ხალხის ნებას, ნახავთ დამატებით სანქციებსაც", - განაცხადა მან.
5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კორუფციისთვის სანქციები დაუწესა მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს. სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აღნიშნავს, რომ მათ, როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესმა წევრებმა, ბოროტად გამოიყენეს საკუთარი თანამდებობები.