სლოვენიამ პალესტინა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ცნო

სლოვენიამ პალესტინა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ცნო

დღეს დამტკიცებული გადაწყვეტილების მიხედვით, სლოვენიის მთავრობამ პალესტინა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ცნო. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა, რობერტ გოლობმა ლიუბლიანაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"დღეს მთავრობამ გადაწყვიტა პალესტინა დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოდ აღიაროს", - თქვა მან.

ცნობილია, რომ უახლოეს დღეებში მთავრობის გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი ქვეყნის პარლამენტმაც უნდა დაამტკიცოს.

პრემიერის თქმით, ეს გადაწყვეტილება არის ძალისხმევის ნაწილი, რომლის მიზანიცაა განახორციელოს ზეწოლა ისრაელზე, ღაზის სექტორთან კონფლიქტის შემცირების მიზნით.

გოლობმა ასევე განაცხადა, რომ ისრაელსა და ტერორისტულ დაჯგუფება ჰამასს შორის ღაზაში დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს საომარი მოქმედებები და ყველა მძევალი გათავისუფლდეს.

"ეს არის მშვიდობის გზავნილი", - თქვა მან.

მანამდე, 28 მაისს ესპანეთმა, ირლანდიამ და ნორვეგიამ ოფიციალურად აღიარეს პალესტინის სახელმწიფო, რამაც ისრაელის უკმაყოფილება გამოიწვია.