"სხდომების გაუქმება შიშის გამოვლინებაა, ვიკრიბებით 7-ზე პარლამენტთან" - საპარლამენტო ოპოზიცია

"სხდომების გაუქმება შიშის გამოვლინებაა, ვიკრიბებით 7-ზე პარლამენტთან" - საპარლამენტო ოპოზიცია

საპარლამენტო ოპოზიცია ეხმაურება საგარეო საქმეთა მინისტრის მოსმენის გაუქმებას პარლამენტში და აცხადებს, რომ ხელისუფლების მხრიდან ეს შიშის გამოვლინებაა.

დეპუტატების თქმით, მშვიდობიან პროტესტს შედეგი ყოველთვის აქვს და მოქალაქეებს დღეს 7 საათზე პარლამენტის შენობასთან შეკრებისკენ მოუწოდებენ.

"ეს არის მართლაც შიშის გამოვლინება. დღეს იყო სხდომა დაგეგმილი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საგარეო საქმეთა მინისტრის მოსმენა იმიტომ, რომ საქმე ეხება ევროატლანტიკური კურსიდან გადახვევას საქართველოს სახელმწიფოსი. გუშინ 83-ვე დეპუტატმა დაუჭირა მხარი რუსულ კანონს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ მათ გათვითცნობიერებული აქვთ, რომ სპეცრაზმის გარეშე გადაადგილებაც კი არ შეუძლიათ და ახლა უკვე საპარლამენტო დარბაზში გამოჩენაც კი ეშინიათ მაშინ, როდესაც რიცხოვნობითაც მეტი არიან.

თითოეულ თქვენგანს მინდა დიდი მადლობა ვუთხრა იმისთვის, რომ გუშინ იყავით. უამრავი ადამიანი იყო დილამდე. ადამიანები ჩამოდიოდნენ რეგიონებიდან. მინდა მოვუწოდო თითოეულ თქვენგანს, რომ დღეს 7 საათზე პარლამენტთან არის პროტესტი. შევიკრიბოთ ყველა ერთად იმისთვის, რომ საქართველოს გეოპოლიტიკური არჩევანი არ იყოს რუსეთი, ისევე როგორც ეს უნდა ბიძინა ივანიშვილს. დღეს 7 საათზე საქართველოს პარლამენტთან ვიკრიბებით ყველა ერთად რუსული კანონის გასაპროტესტებლად"- თქვა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ.

"ძალიან დიდი მადლობა ყველა მოქალაქეს, ვინც გუშინ გამოვიდა პარლამენტთან გამართულ სახალხო პროტესტზე. თქვენ ხედავთ, რომ ამ პროტესტს ნამდვილად აქვს შედეგი. დღეს ამ რუსული უმრავლესობის წევრებმა ვერ გაბედეს პარლამენტში მოსვლა. სხდომა ვერ ჩატარდა და ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მტკიცე წინააღმდეგობა რეჟიმის წინააღმდეგ უნდა გაგრძელდეს. პროტესტი გაგრძელდება, სანამ არ დასრულდება რუსული რეჟიმი ჩვენს ქვეყანაში"- აღნიშნა დეპუტატა სალომე სამადაშვილმა.

დღეს, 2 მაისს, პარლამენტში დაგეგმილი ბიუროს და პლენარული სხდომები გაუქმდა. მათ შორის, საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის მოსმენაც.

პარლამენტის პრესსამსახური ირწმუნება, რომ 1 მაისს, "აქციის მონაწილეების მიერ შენობაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაზიანდა პარლამენტის ინფრასტრუქტურა და ახლა აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს".

***

ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონს გუშინ პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი. სხდომის პარალელურად რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი აქცია მიმდინარეობდა.

ხელისუფლება მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლსა და ცრემლმდენ გაზს იყენებს. გუშინ პარლამენტთან გამართულ აქციაზე 11 ადამიანი დაშავდა, საიდანაც 8 ადამიანი კლინიკაში გადაიყვანეს.