სირსკიმ ზელენსკის კურსკში პირველი სამხედრო კომენდატურის შექმნის შესახებ აცნობა

სირსკიმ ზელენსკის კურსკში პირველი სამხედრო კომენდატურის შექმნის შესახებ აცნობა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურმა, ალექსანდრ სირსკიმ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის კურსკში უკრაინის მიერ პირველი სამხედრო კომენდატურის შექმნის შესახებ აცნობა.

"კურსკის ოლქის ტერიტორიაზე, კერძოდ სუჯასა და კიდევ 3 დასახლებაში მტრების ძებნისა და განადგურების პროცესი დასრულებულია. კანონისა და წესრიგის შესანარჩუნებლად, ასევე, კონტროლირებად ტერიტორიებზე მოსახლეობის საჭიროებებისთვის პრიორიტეტის მისანიჭებლად შექმნილია სამხედრო კომენდატურა, რომლის მეთაურად გენერალ-მაიორი მოსკალევი დაინიშნა", - თქვა სირსკიმ ზელენსკისთან სამუშაო შეხვედრაზე.

გუშინვე ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ კურსკის ოლქის 82 დასახლებაზე დაამყარა კონტროლი.

***

პირველი ცალკეული შეტყობინებები იმის შესახებ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკის ოლქში გადავიდნენ 6 აგვისტოს გაჩნდა.

კურსკის ოლქის ხელმძღვანელმა ალექსეი სმირნოვმა 7 აგვისტოს დილით განაცხადა, რომ რეგიონი "გმირულად ეწინააღმდეგება უკრაინელ ნაცისტებს".

6 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სასაზღვრო რაიონის დასახლებებს ნიკოლაევო-დარინოსა და ოლეშნიას უკრაინის შეიარაღებული ძალების 300 სამხედრო დაესხა თავს, 11 ტანკისა და 20-მდე სამხედრო მანქანის დახმარებით. უწყებაში განაცხადეს, რომ ბრძოლების შედეგად უკრაინის 16 ერთეული ჯავშანტექნიკა გაანადგურეს. ამავე დღეს საღამოს კი სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინულმა დანაყოფმა, რომელიც კურსკის ოლქში შეჭრას ცდილობდა, უკან დაიხია. მოგვიანებით ეს განცხადება წაიშალა.

უკვე 7 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამით რუსმა სამხედროებმა უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურებთან ერთად "განაგრძეს უკრაინის შეიარაღებული ფორმირებების განადგურება, რომლებიც უშუალოდ რუსეთი-უკრაინის საზღვარზე მიმდებარედ იყვნენ".

12 აგვისტოს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში დაახლოებით 20-ზე მეტი კადიროველი ტყვედ აიყვანეს.