შვეიცარია შეუერთდა ევროკავშირის გადაწყვეტილებას უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ გაცემული დოკუმენტების არაღიარების შესახებ. გადაწყვეტილება შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ მიიღო.
ფედერალური საბჭოს განცხადების თანახმად, შვეიცარია არ გასცემს შენგენის ვიზას და არ დაუშვებს შენგენის ზონის საზღვრის გადაკვეთას რუსეთის მიერ გაცემული დოკუმენტით საქართველოსა და უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
განცხადების თანახმად, დიპლომატიური და ჩვეულებრივი პასპორტები, მოქალაქეობის არმქონე პირთა ბინადრობის ნებართვები და მეზღვაურის პირადობის მოწმობები არ იქნება აღიარებული.
უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებისთვის არ იქნება აღიარებული საბუთები სხვადასხვა თარიღის მიხედვით. საქართველოს შემთხვევაში კი თარიღად 2008 წლის 26 აგვისტოა მითითებული - ამ თარიღის შემდეგ გაცემული რუსული სამგზავრო დოკუმენტებით შენგენის ვიზის აღება შესაძლებელი აღარ იქნება.
12 ოქტომბერს უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ გაცემული საერთაშორისო პასპორტებისა და სამგზავრო დოკუმენტებს არაღიარებაზე ევროპული საბჭო შეთანხმდა.
ევროპულმა საბჭომ განაცხადა, რომ ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს ორი ქვეყნის: საქართველოსა და უკრაინის დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
ყირიმის ნახევარკუნძულის უკანონო ანექსიის შემდეგ რუსეთმა ყირიმის მოსახლეობას რუსული საერთაშორისო პასპორტები გადასცა. ეს პრაქტიკა რუსეთმა 2019 წლის აპრილიდან მათ მიერ კონტროლირებული დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონებშიც გააგრძელა.
ევროპული საბჭოს თქმით, რუსული პასპორტების სისტემატური გაცემა ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო სამართლის მორიგი დარღვევა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობაში, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობაში მორიგი ჩარევაა.