ბათუმის საქალაქო სასამართლოს 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარ სამმართველოს მორალური ზიანის სახით 500 ლარის ანაზღაურება დაევალა. ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.
ორგანიზაციის ცნობით, მოსარჩელე განმარტავდა, რომ მას, როგორც მუსლიმი თემის წარმომადგენელსა და პოლიტიკურად აქტიურ პირს, სისტემატურად უსმენს და უთვალთვალებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ფაქტის გასაპროტესტებლად, მან 2021 წლის 12 ნოემბერს სუს-თან აქციის გამართვა გადაწყვიტა, რა დროსაც პოლიციამ შეკრებებისა და მანიფესტაციების წესის დარღვევის და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო დააკავა.
საია წერს, რომ მოსარჩელე ადმინისტრაციული წესით ჯერ 24 საათით დააკავეს, ხოლო შემდეგ პოლიციამ მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, დაკავების ვადა დამატებით 24 საათით გაახანგრძლივა.
"ბათუმის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით, მოსარჩელე ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო. მას სახდელის სახედ და ზომად შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა 5 დღით. მხარის მიერ აღნიშნული დადგენილება გასაჩივრდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, რომელმაც სრულად დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი. ამდენად, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს დადგენილება და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება შეწყვიტა სამართალდარღვევის ნიშნების არარსებობის გამო", - ნათქვამია საიას განცხადებაში.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმატებით დასრულების შემდეგ, მოსარჩელემ სარჩელით მიმართა და მორალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვა. მოსამართლემ სარჩელი დააკმაყოფილა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარ სამმართველოს მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა.