შსს-მ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ კიდევ ერთი ახალი ადმინისტრაციული საქმე დაიწყო

შსს-მ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ კიდევ ერთი ახალი ადმინისტრაციული საქმე დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ კიდევ ერთი ახალი ადმინისტრაციული საქმე დაიწყო. ინფორმაციას ბათუმელები ავრცელებს.

სასამართლო პროცესი დღეს, 12:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოშია ჩანიშნული.

მზია ამაღლობელს შსს 2025 წლის 11 იანვარს პოლიციის დეპარტამენტის წინ, დამხმარე ნაგებობაზე სტიკერის გაკვრას ედავება, თითქოსდა ამ ქმედებით იერსახე დამახინჯდა. საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილითაა სასამართლოში შესული.

მზია ამაღლობელი 11 იანვრის საღამოს ორჯერ დააკავეს. პირველად ის დააკავეს საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა – "იფიცება საქართველო 15 იანვარს, 15:00 საათზე". მანამდე ამ პლაკატის გაკვრის გამო დააკავეს მზია ამაღლობელის თანამშრომელი, ციალა ქათამიძე. მზია ამაღლობელი აქციაზე სწორედ ამ ფაქტის შემდეგ მივიდა.

დაახლოებით ორი საათის შემდეგ მზია ამაღლობელი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მალევე აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ხელახლა დააკავეს - ის სისხლის სამართლის კოდექსით არის დაკავებული, კერძოდ პოლიციელზე თავდასხმის მუხლით.

პროკურატურა მზია ამაღლობელს ბრალს სდებს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით – მას ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმას ედავებიან.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში მზია ამაღლობელს ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება. 14 იანვარს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დაკავების შემდეგ, მზია ამაღლობელი 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა.