შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დააკავეს პირი, ვინც საავტომობილო მაგისტრალის გორი-ქარელის მონაკვეთზე საპატრულო ეკიპაჟის მანქანას დაეჯახა, რის შედეგადაც 2 პოლიციელი დაიღუპა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულია 1993 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ლ.
უწყების ინფორმაციით, დაკავებული არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და დიდი სიჩქარით მოძრაობდა, რა დროსაც ქარელის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზის გვერდულზე მდგომ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს დაეჯახა.
შსს-ს ცნობით, შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ ავტომანქანაში მსხდომი საპატრულო პოლიციის თანამშრომლები: 1972 წელს დაბადებული ომარ ქარელი და 1992 წელს დაბადებული ვანო ბასანიძე.
უწყების ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
შსს ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შიდა ქართლში, ქარელის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რამაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი იმსხვერპლა.