შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, იმერეთის სამმართველოს თანამშრომლებმა 1989 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი გამოძალვის ბრალდებით დააკავეს.
უწყების ცნობით, დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თავისი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით, ჭიათურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მეწარმეს - შ.გ.-ს სისტემატურად სძალავდა სხვადასხვა ოდენობის თანხას.
ბრალდებულმა მიმდინარე წლის მარტის თვეში მეწარმეს კვლავ მოსთხოვა გარკვეული ოდენობის თანხის გადახდა, ხოლო უარის მიღების შემდეგ შ.გ.-ს მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით და ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა, მეტი დამაჯერებლობისთვის, ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნის დემონსტრირება მოახდინა", - აცხადებენ შსს-ში.
შსს-ში ამბობენ, რომ გამოძალვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.