შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა თქვა.
დღეს მაშველებმა სტიქიის ზონაში ორი ცხედარი იპოვეს.
მღებრიშვილის თქმით, ერთი ცხედარი ნანახია კოტეჯების ტერიტორიაზე, მეორე კი სტიქიის ეპიცენტრიდან დაახლოებით ორ კილომეტრში, მდინარის კალაპოტში.
მისივე თქმით, მონიტორინგი ხორციელდება მდინარის კალაპოტის 25 კილომეტრიან მონაკვეთზე.
3 აგვისტოს, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი, ჩართულია მძიმე ტექნიკა და თავდაცვის ძალების 220 სამხედრო მოსამსახურე.