გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, უკრაინასთან მოლაპარაკების გასაახლებლად რუსეთმა გადამწყვეტი ნაბიჯი უნდა გადადგას, რაც მისი თქმით, უკრაინიდან ჯარების გაყვანას გულისხმობს.
"რუსეთის შეტევა უკრაინაზე არის იმპერილიალიზმის დაბრუნება ევროპაში. გარდამტეხი მომენტი უკვე დადგა. უკრაინისთვის იარაღის მიწოდება მანამ გაგრძელდება, სანამ ამის საჭიროება იქნება", - თქვა შოლცმა.
ამასთან, გერმანიის კანცლერი ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მომავალში სატელეფონო საუბარს გეგმავს.
"მოლაპარაკებები რუსეთისგან გადამწყვეტ ნაბიჯს მოითხოვს. ეს ნაბიჯი უნდა იყოს [უკრაინიდან] ჯარების გაყვანა", - აღნიშნა მან.
გუშინ, გამოცემა Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაორმაგებას აპირებს. კერძოდ, მომდევნო წელს გერმანია უკრაინას $8.5 მილიარდის სამხედრო დახმარებას გაუწევს.