გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, ისრაელის მხარდაჭერა უკრაინის დახმარებაზე არ იმოქმედებს.
"ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას ფინანსური და ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ასევე [ვეხმარებით] იარაღით. ისრაელის მხარდაჭერა უკრაინის დახმარებაზე გავლენას არ მოახდენს", - თქვა გერმანიის კანცლერმა.
17 ოქტომბერს შოლცი ისრაელში ჩავიდა. თელ-ავივში სარაკეტო განგაშის გამო მას აეროპორტიდან ევაკუაცია მოუწია. მედიის ცნობით, იმ დროს, როდესაც გერმანიის კანცლერი ეგვიპტეში გასამგზავრებლად ემზადებოდა, ის თავშესაფარში გადაიყვანეს.
***
7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.
გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.