უკრაინის პრემიერმინისტრი, დენის შმიჰალი იმედოვნებს, რომ ევროკავშირი უკრაინის მხარდასაჭერად 50 მილიარდ ევროს დაამტკიცებს.
"1 თებერვალს ჩვენ ველით, რომ ევროკავშირი უკრაინის მხარდასაჭერად დაამტკიცებს ახალ ოთხწლიან პროგრამას 50 მილიარდი ევროს ოდენობით. წინასწარ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროკავშირის 27-ვე წევრი დათანხმდა ამ პროგრამის მხარდაჭერას.
ამასთან, უახლოეს მომავალში ამერიკის კონგრესის დადებით გადაწყვეტილებას ველით", - განაცხადა უკრაინის პრემიერმა.
14 დეკემბერს, ორბანმა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილ 50 მილიარდი ევროს ღირებულების დახმარების პაკეტს ვეტო დაადო. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
ევროკავშირის სახელმწიფოების 26 ლიდერი შეთანხმდა, რომ უკრაინის დახმარების საკითხზე დებატები 2024 წლის დასაწყისში განახლდებოდა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო კიევისთვის "სასიცოცხლო" ფინანსების მიწოდება.
ამასთან, ორბანმა დაამატა, რომ, მათ შორის, უნგრეთი აპირებს დაუბრუნდეს აღნიშნულ საკითხს 2024 წელს, "სათანადო მომზადების შემდეგ".