შენგელია: არაფერი მესაქმება აშშ-ში, სადაც ბავშვებისთვის სქესის შეცვლა დემოკრატიული მიღწევაა

შენგელია: არაფერი მესაქმება აშშ-ში, სადაც ბავშვებისთვის სქესის შეცვლა დემოკრატიული მიღწევაა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქცირებული მოსამართლე ირაკლი შენგელია აცხადებს, რომ "გუშინდელი განცხადების ფონზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და ელჩმა დეგნანმა ლინჩის წესი აღადგინეს და ამ წესით გაასამართლეს მოსამართლეები".

შენგელიას თქმით, "აშშ-ში, სადაც ბოლო პერიოდის ერთ-ერთ დემოკრატიულ მიღწევად 6 წლის ასაკიდან ბავშვისთვის სქესის შეცვლა აპრობირებულია, არაფერი ესაქმება", ვინაიდან, "მის ოჯახს მსგავსი ღირებულებები არ სჭირდება".

"მსურს, გამოვეხმაურო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ჩემზე და ჩემს კოლეგებზე სანქციის დაწესების შესახებ.

უპირველეს ყოვლისა, თვალშისაცემია ის ფაქტი, რომ ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილება ვერანაირ მტკიცებულებით სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს; მე განმარტება ამის შესახებ ვერც სახელმწიფო მდივან ბლინკენისგან და ვერც ელჩ დეგნანისგან მოვისმინე, გარდა ზოგადი მითითებისა, რომ არსებობს რაღაც „სანდო ინფორმაცია“, რომელიც თურმე ადასტურებს ჩვენს კორუმპირებულობას.

ასეთი მტკიცებულებები ბუნებაში ვერც იარსებებს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ კორუფციის ფაქტები არ არსებობს. მეც და ჩემი სხვა კოლეგები (დასანქცირებულების ჩათვლით) ჩვენს სამსახურებრივ უფლებამოსილებას (მართლმსაჯულების განხორციელების ჩათვლით) ვასრულებდით და ვასრულებთ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის განუხრელი დაცვით, მხოლოდ საქმეში არსებული მტკიცებულებების სრულყოფილი და ობიექტური განხილვა-შეფასების შედეგად. არავითარი ზეწოლა, უკანონო მანიპულაცია არ განხორციელებულა არასდროს არც ჩემი და არც არავის მხრიდან სხვა მოსამართლეებზე, მათ საქმიანობაში ჩარევის მიზნით.

ეს ყველაფერი მაფიქრებინებს, რომ სახეზეა აპრობირებული სქემა, რომელმაც კარგად იმუშავა, მაგალითად, უკრაინაში, ალბანეთში, სადაც, „რეფორმების“ შირმით, განხორციელდა არასასურველი მოსამართლეებისგან სისტემის წმენდა; სადაც ხელყოფილ იქნა სახელმწიფოების სუვერენიტეტი სასამართლო ხელისუფლების ნაწილში და ამ ხელისუფლების ადმინისტრირება (მოსამართლეთა დანიშვნების ჩათვლით) მთლიანად გადაბარებულ იქნა ე.წ. საერთაშორისო ექსპერტებისგან დაკომპლექტებულ „რევიზორთა“ კომისიაზე.

დღევანდელ მოცემულობაში, ნამდვილად არანაირი სურვილი აღარ გვაქვს, არც მე და არც ჩემს ოჯახს, ვეწვიოთ აშშ-ს. ის იდეალები და დემოკრატიული პრინციპები, რითაც აქამდე თავს იწონებდა ეს ქვეყანა, პრაქტიკულად ნიველირებულია, აღარ არსებობს. პირიქით, გამრუდებული და დაკნინებულია ყველა ის ღირებულება, რაზეც იდგა ამ ქვეყნის იდეოლოგია და, პირველ რიგში, ეს იყო სამართლიანობა და მის საფუძველზე ადამიანის უფლებების შეუვალი დაცვა, თანსწორუფლებიანობა და ა.შ. ყველაფერ ამაზე ხაზის გადასმით, გუშინდელი განცხადების ფონზე, პრაქტიკულად აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და ელჩმა დეგნანმა ლინჩის წესი აღადგინეს (ცხადია, გადატანითი მნიშვნელობით) და სწორედ ამ წესით „გაასამართლეს“ და „დამნაშავეებად გამოაცხადეს“ ქართველი მოსამართლეები, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს მათ „მაღალ დემოკრატიულ სტანდარტებზე“.

პირადად მე მაქვს ტრადიციული ოჯახი, მყავს შვილები, რომლებიც სამართლიანობისა და პატიოსნების პრინციპებზე აღიზარდნენ და ამ „ლინჩის წესით გასამართლების“ ფონზე და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ში ბოლო პერიოდის ერთ-ერთ მთავარ დემოკრატიულ მიღწევად მიჩნეულია და აპრობირებულია 6 წლის ასაკიდან ბავშვისათვის სქესის შეცვლა, არაფერი მესაქმება, ვინაიდან მსგავსი „ღირებულებები“ ჩემს ოჯახს ნამდვილად არ სჭირდება", - წერს შენგელია.

* * *

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კორუფციისთვის სანქციები დაუწესა მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს. სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აღნიშნავს, რომ მათ, როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესმა წევრებმა, ბოროტად გამოიყენეს საკუთარი თანამდებობები.

სანქცირებასთან დაკავშირებით აშშ აცხადებს, რომ ჰქონდათ სანდო ინფორმაცია, რის თანახმადაც, მოსამართლეები ბოროტად იყენებდნენ საჯარო თანამდებობას კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობით. მათი თქმით, ეს აზიანებდა სასამართლო და საჯარო პროცესს, მოსამართლეების მიმართ უკანონო სარგებლის შეთავაზებით ან ზეწოლით, რათა მიეღოთ მათი პოლიტიკური მოკავშირეების სასარგებლო გადაწყვეტილებები და ახდენდნენ მოსამართლეთა დანიშვნებით მანიპულირებას, პირადი სარგებლის მიღების მიზნით.

ამას გამოეხმაურა ერთ-ერთი სანქცირებული მოსამართლე, ლევან მურუსიძე და განაცხადა, რომ "არა უშავს". მისი თქმით, ამ ფაქტს "როგორმე გადაიტანს".

ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები სასამართლო სისტემის პრობლემებზე მუდმივად საუბრობენ და მიუთითებენ, რომ არსებობს მოსამართლეთა ე.წ. კლანი, რომელთა წევრებად სწორედ აშშ-ის მიერ სანქცირებულ პირებს მოიაზრებენ. მათ არაერთხელ მოითხოვეს აღნიშნული მოსამართლეების პერსონალური სანქცირება.

ამ საკითხზე კომენტარი გაკეთებული აქვს ე.წ კლანის წევრს, ლევან მურუსიძესაც - მისი აზრით, ერთ-ერთი რიგითი მოსამართლეა, რომელიც საქმეებს იხილავს და პოლიტიკურ საკითხებზე კომენტარს არ აკეთებს. რაც შეეხება სანქცირების შესახებ კითხვას, მურუსიძემ ამას თავის დროზე ლექსით უპასუხა.