
ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კვლავ თავს ესხმის ევროკომისიის პრესსპიკერს ანიტა ჰიპერს და მას "4 ოქტომბრის დამხობის მცდელობის შეგულიანებაში" ადანაშაულებს.
ის ევროკომისიის პრესსპიკერის მიერ გაკეთებულ განცხადებებს "პასუხისმგებლობისგან გაქცევის უსუსურ მცდელობას" უწოდებს.
შალვა პაპუაშვილისთვის "მიუღებელია" ანიტა ჰიპერის მიერ ქართული ოცნების პოლიტიკის კრიტიკა. ის ირწმუნება, რომ მისი განცხადებები "ქართველ ხალხსა და მის ხელისუფლებაზე სიტყვიერი თავდასხმის მაგალითია".
ის ანიტა ჰიპერის განცხადებას, რომ "ქართული ოცნების განცხადებები აშკარად რუსული პროპაგანდის სახელმძღვანელოადნაა შთაგონებული" - "მდაბიო პროპაგანდას" უწოდებს.
"ეს გახლავთ ადამიანი, რომელმაც მხარი დაუჭირა ხელისუფლების დამხობის მიზნით დაორგანიზებულ შეკრებას 4 ოქტომბერს და 4 ოქტომბრის შეკრებას - 23 სექტემბერს. ამის შემდეგ, 10 დღის განმავლობაში ლამის ყოველ დღე ვამახვილებდი ამაზე ყურადღებას და მოვუწოდებდი, განემარტათ, გამიჯვნოდნენ დამხობის შეკრებას, თუმცა რეაგირება იყო 0.დადგა 4 ოქტომბერი, დაიწყო დამხობა, დამხობა ჩავარდა და ახლა არ უნდათ პასუხისმგებლობის გაზიარება. მათ შორის, მანამდე ვამბობდი, თუკი იქნებოდა იქ ძალადობა, ევროკომისია გაიზიარებდა პასუხისმგებლობას ამ ძალადობისთვის სწორედ პრესსპიკერის ამ განცხადების გამო.
ჩვენ ვხედავთ, რომ 4 ოქტომბრის წარუმატებელი დამხობის შემდეგ უკვე 2-ჯერ გააკეთა მან კომენტარი და ორივეჯერ თავს დაესხა საქართველოს ხელისუფლებას, ნაცვლად იმისა, რომ დაეგმო მოძალადეების და პრეზიდენტის სასახლის შტურმით ამღებების ქმედება. ეს არის უსუსური მცდელობა, რომ გაექცეს ეს ადამიანი პასუხისმგებლობას იმისთვის, რაც გააკეთა, კერძოდ, ის, რომ შეაგულიანა და გარე მხარდაჭერა გამოუცხადა 4 ოქტომბერს დაგეგმილ ხელისუფლების დამხობის შეკრებას.
ეს განცხადებები, როგორც რამდენიმე დღის წინ იყო, ისე გუშინდელი თუ გუშინწინდელი, არის მაგალითი სიტყვიერი თავდასხმისა ქართველ ხალხზე და მის ხელისუფლებაზე და ეს უნდა დასრულდეს. წარმოუდგენელია, რომ ჩვენ ვისმენთ ერთი ბიუროკრატის მხრიდან, რომელიც არავის მხრიდან არ არის არჩეული და არის დანიშნული, ვისმენდეთ არა არჩეული ბიუროკრატის მხრიდან თავდასხმას ქართველი ხალხის არჩეულ ხელისუფლებაზე. აქ ზედმეტია საუბარი რაღაც ევროპულ სტანდარტებზე, ეს არის უბრალოდ მიუღებელი.
მესამე - პრესსპიკერი ძალიან გაიტაცა შედარებამ, მითითებებმა რუსულ სახელმძღვანელოზე, სპეცსამსახურებზე და ა.შ. აბსოლუტურად მდაბიო პროპაგანდა, რასაც ის ეწევა. აბსოლუტურად მდაბიო პროპაგანდაა ქართველი ხალხის მიმართ რაღაც ეთნიკური ეპითეტების გამოყენებისა. რა თქმა უნდა, ეს არის მიუღებელი", - ამბობს შალვა პაპუაშვილი.