შაბათის ფორმულას ინფორმაციით, ყოფილი პროკურორის და სანქცირებული ოთარ ფარცხალაძის სახლიდან დიდი ოდენობით შეიარაღება დაიკარგა - ეს სწორედ იმ დროს მოხდა, როდესაც ფარცხალაძე ქვეყნიდან გაქცევას გეგმავდა.
15 ერთეული იარაღის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია წყნეთის პოლიციას ყოფილი პროკურორის შვილმა, ანდრია ფარცხალაძემ მიაწოდა, იარაღი დაკარგულად გააფორმეს და ჩამოწერეს.
შაბათის ფორმულამ გაარკვია, რომ წყნეთის პოლიციაში ფარცხალაძის შვილი ამჟამად უკვე ყოფილ უფროსს, დიმიტრი ქვაჭრელიშვილს შეხვდა და ოფიციალურად შეიარაღების დაკარგვად ის ვერსია გააფორმა, თითქოს ფარცხალაძის კუთვნილი შეიარაღება დამლაგებელს ნაგავი ეგონა და გადაყარა. ყოფილ პროკურორს შეიარაღება უპრობლემოდ, ერთი განცხადების საფუძველზე, ჩამოაწერეს. სინამდვილეში, როგორ და რა ვითარებაში დაიკარგა იარაღი არ გამოძიებულა. ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ რუსეთის ჯაშუშობაში ბრალდებულმა, სანქცირებულმა ყოფილმა პროკურორმა შეიარაღება კი არ დაკარგა, უბრალოდ გააშავა. ანუ, არარეგისტრირებული არსენალი საჭირო მომენტისთვის შეინახა ან სხვას გადასცა.
ახლა წყნეთის პოლიციის ყოფილ უფროსს უფლებამოსილების გადამეტებას და ქრთამის აღებას ედავებიან, ის რამდენიმე კვირის წინ რუსეთის მოქალაქის ჩვენების საფუძველზე დააკავეს, თუმცა შაბათის ფორმულას ცნობით, საქმეში საკმარისი მტკიცებულებები არ არის. პროკურატურა შეეცდება, ფარცხალაძისთვის ჩამოწერილი იარაღით ბრალი დაუმძიმოს.