სენატორი უიკერი არჩევნებზე: კანონიერი პროცესის ნაცვლად, ხალხმა მიიღო ფარსი

სენატორი უიკერი არჩევნებზე: კანონიერი პროცესის ნაცვლად, ხალხმა მიიღო ფარსი

რესპუბლიკელი სენატორი როჯერ უიკერი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ხალხმა ღირსეული და კანონიერი პროცესის ნაცვლად ფარსი მიიღო.

უიკერი განცხადებაში საუბრობს არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებზე და აღნიშნავს, რომ ქართველი ხალხის დემოკრატიულ არჩევანს ძირს უთხრიდა ფართოდ გავრცელებული დარღვევები, მათ შორის დაშინება, ძალადობა და ხმების მოსყიდვა.

"გასულ შაბათს ქართველი ხალხი მივიდა არჩევნებზე, რათა გამოიყენოს თავისი დემოკრატიული უფლება, აირჩიოს მომავალი მთავრობა. ღირსეული, გამჭვირვალე და კანონიერი პროცესის ნაცვლად, მათ მიიღეს ფარსი. ქართველი ხალხის დემოკრატიულ არჩევანს ძირს უთხრიდა ფართოდ გავრცელებული დარღვევები, მათ შორის დაშინება, ძალადობა, ხმების მოსყიდვა და შედეგები, რომლებიც მკვეთრად განსხვავდებოდა სანდო და დამოუკიდებელი ეგზიტპოლისგან, ისევე როგორც წინა არჩევნების ტენდენციისგან.

ჩვენ ვიზიარებთ პრეზიდენტ ზურაბიშვილის აზრს, რომ ეს არჩევნები არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი და არ ასახავს ხალხის ნებას"- აცხადებს უიკერი.

მისივე თქმით, ამ არჩევნების მანიპულაცია არაა მხოლოდ საქართველოს მყიფე დემოკრატიისთვის დარტყმა, არამედ თუ შენარჩუნდა, იქნება დასასრული ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის და შესაძლოა, მისი სუვერენიტეტისთვისაც კი.

უიკერი არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურს უწოდებს და მიიჩნევს, რომ მას სიცხადე უნდა დაუპირისპირდეს.

"ვიდრე ქართული ოცნება არადემოკრატიული საშუალებებით და მოძალადე ავტორიტარების მეურვეობის ქვეშ ძალაუფლებას ებღაუჭება, ისინი მოიმკიან ზიზღსა და იზოლაციას, რომელსაც სრულიად იმსახურებენ"- აცხადებს უიკერი.