სენატორები ტრამპის ადმინისტრაციას მოუწოდებენ, რუსული აქტივებით უკრაინას დაეხმაროს

სენატორები ტრამპის ადმინისტრაციას მოუწოდებენ, რუსული აქტივებით უკრაინას დაეხმაროს

რესპუბლიკელი და დემოკრატი სენატორების ჯგუფი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას მოუწოდებს, 300 მილიარდ დოლარზე მეტი მოცულობის დაყადაღებული რუსული აქტივები უკრაინის მხარდასაჭერად გამოიყენოს და ამ ნაბიჯის გადადგმისკენ მოკავშირე ქვეყნებიც წაახალისოს.

სენატორები ადმინისტრაციისგან განმარტებას მოითხოვენ, რატომ გამოიყენება მხოლოდ ამ აქტივებიდან მიღებული პროცენტები კიევის მხარდასაჭერად და არა თვითონ აქტივები.

"როგორ აფასებს ადმინისტრაცია მის ხელთ არსებულ ფინანსურ ინსტრუმენტებს, რათა გაიზარდოს ზეწოლა რუსეთზე და დასრულდეს ომი?" – აღნიშნულია წერილში, რომელიც სენატორებმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს გაუგზავნეს და რომლის ასლიც სააგენტო Reuters-მა ორშაბათს მოიპოვა.

წერილში ასევე დასმულია შეკითხვა, მიიჩნევს თუ არა ადმინისტრაცია, რომ აშშ-სა და ევროკავშირის ხელთ არსებული რუსული აქტივები შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც ბერკეტი მოსკოვთან მოლაპარაკებების პროცესში, და თუ ასეა – როგორ.

წერილს ხელი მოაწერეს რესპუბლიკელმა სენატორებმა ტოდ იანგმა და ლინდსი გრემმა, ასევე დემოკრატებმა რიჩარდ ბლუმენტალმა და ტიმ კეინმა.

აღსანიშნავია, რომ ეს წერილი იშვიათი შემთხვევაა, როდესაც მაღალი რანგის რესპუბლიკელები საჯაროდ მოუწოდებენ ტრამპის ადმინისტრაციას, უფრო მკაცრი პოლიტიკა გაატაროს რუსეთის მიმართ. პროუკრაინული განწყობის რესპუბლიკელები ბოლო პერიოდში ძირითადად ჩუმად არიან მას შემდეგ, რაც ტრამპმა აშშ-ის პოლიტიკა მოსკოვის მიმართ შერბილდა.

სახელმწიფო დეპარტამენტი კომენტარს არ აკეთებს

სენატორების წერილი ადმინისტრაციაში პარასკევს გაიგზავნა. ის ემთხვევა აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლების შეხვედრას, რომელიც ორშაბათს საუდის არაბეთში გაიმართა შავი ზღვის რეგიონში საზღვაო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების მიზნით.

უკრაინის მხარდამჭერი სენატორები წლებია მოუწოდებენ ადმინისტრაციას, რუსული აქტივები უკრაინის აღსადგენად გამოიყენოს. მათი მიზანია, შეამცირონ ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფინანსური ტვირთი და გაზარდონ ზეწოლა მოსკოვზე, რათა ომი დასრულდეს.

წერილში სენატორები ადმინისტრაციისგან განმარტებას ითხოვენ, აპირებს თუ არა ის სტრატეგიის შემუშავებას ევროკავშირთან, „დიდი შვიდეულის“ (G7) წევრებთან და სხვა მოკავშირეებთან ერთად, რათა რუსული აქტივების გამოყენება უკრაინის მხარდასაჭერად შესაძლებელი გახდეს.

დაყადაღებული რუსული აქტივები და სამართლებრივი გამოწვევები

2022 წელს, მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენცია დაიწყო, აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა რუსეთის ცენტრალური ბანკისა და ფინანსთა სამინისტროსთან ტრანზაქციები დაბლოკეს. ამის შედეგად დაყადაღდა 300-350 მილიარდი დოლარის ოდენობის რუსული სახელმწიფო აქტივები.

ამ აქტივების უმეტესი ნაწილი ევროპულ ფასიან ქაღალდებშია განთავსებული. აშშ-ის ფინანსურ ინსტიტუტებში მხოლოდ დაახლოებით 7 მილიარდი დოლარი ინახება.

ევროკავშირის ლიდერები აქტივების გამოყენებას უკრაინის აღსადგენად განიხილავენ, თუმცა სამართლებრივი სირთულეების გამო საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

ამ დროისთვის აშშ-სა და ევროკავშირს შორის მიღწეული შეთანხმებით, უკრაინისთვის ფინანსური დახმარების სახით მხოლოდ აქტივებიდან მიღებული პროცენტები გამოიყენება, მაგრამ არა თვითონ აქტივები.

სენატორები წერილში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ სურთ გაიგონ ადმინისტრაციის ოფიციალური პოზიცია რუსული აქტივების სრულად გამოყენების შესაძლებლობაზე.

რუსეთი დასავლეთის ამგვარ ნაბიჯებს "საერთაშორისო ძარცვად" აფასებს. Reuters-ის წყაროს ინფორმაციით, მოსკოვი შესაძლოა დათანხმდეს ევროპაში გაყინული აქტივების ნაწილის გამოყენებას უკრაინის აღსადგენად, თუმცა მოითხოვს, რომ თანხის ნაწილი მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაიხარჯოს.

2024 წელს აშშ-ის კონგრესმა მიიღო "უკრაინელებისთვის ეკონომიკური კეთილდღეობისა და შესაძლებლობების აღდგენის აქტი", რომელიც პრეზიდენტს უფლებამოსილებას აძლევს, რუსეთის აქტივები უკრაინას გადაურიცხოს.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ აშშ-ის ისტორიაში პირველად დგას საკითხი იმ ქვეყნის ცენტრალური ბანკის აქტივების ჩამორთმევის შესახებ, რომელთანაც ოფიციალურად ომის მდგომარეობა არ არის.