სემეკი: 17 თებერვალს თბილისი ენერჯის საჯარო მოსმენა გაიმართება

სემეკი: 17 თებერვალს თბილისი ენერჯის საჯარო მოსმენა გაიმართება

გაზის დაზიანებასთან დაკავშირებით ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია განცხადებას ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, გაზის დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს მოკვლევა შესაბამისი უწყებების მიერ.

"შპს „თბილისი ენერჯის“ საკუთრებაში არსებული 500 მმ-იანი დიამეტრის გაზსადენის ავარიულად დაზიანების გამო 9 თებერვლიდან ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდა 150 000 აბონენტს. კომპანიის მიერ შესაბამისი ტექნიკური სამუშაოების შედეგად, ამ დრომდე გაზმომარაგება აღუდგა გათიშული აბონენტების 70%-ს.

კომპანიის ინფორმაციით, აბონენტების დარჩენილი ნაწილის გაზმომარაგების აღდგენა დღეს, დღის ბოლომდე დასრულდება. 500 მმ-იანი გაზსადენის დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს მოკვლევა შესაბამისი უწყებების მიერ და შედეგების შესახებ ეცნობება საზოგადოებას.

გაზის მიწოდების აღდგენასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე საზოგადოების დროული ინფორმირებულობის შესახებ მოქალაქეთა მხრიდან სხვადასხვა პლატფორმაზე (ქოლცენტრი, სოც.ქსელები) დაფიქსირებული პრეტენზიებიდან გამომდინარე, სემეკში 17 თებერვალს გაიმართება შპს „თბილისი ენერჯის“ საჯარო მოსმენა",- წერია განცხადებაში.

9 თებერვალს კომპანიამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ დაუდგენელი მიზეზის გამო, სავარაუდოდ, მესამე პირის ჩარევის შედეგად, დაზიანდა ცენტრალური 500-მილიმეტრიანი გაზსადენი, რომელიც ამარაგებს ვაკე-საბურთალოს.