საზ.მაუს თანამშრომლები: მზიას სახით, იქ სწორედ დამოუკიდებელი მედია ზის განსასჯელის სკამზე

საზ.მაუს თანამშრომლები: მზიას სახით, იქ სწორედ დამოუკიდებელი მედია ზის განსასჯელის სკამზე

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა ტელევიზიასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე თანამშრომლების ნაწილის განცხადება წაიკითხა, სადაც ისინი აღნიშნავენ, რომ "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, როგორც საჯარო ინტერესის მედია ინსტიტუციამ, უნდა აღიაროს, რომ მზია ამაღლობელის დაპატიმრება, მისი სამართლებრივად დაუსაბუთებელი და არაპროპორციული დასჯა, საგანგაშოდ ცვლის მედიაგარემოს ქვეყანაში".

საქართველოს პირველი არხისა თანამშრომლების ნაწილის განცხადებით, "საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი ახლა პრაქტიკულად უნდა ადვოკატირებდეს, რომ მზია ამაღლობელისთვის არ დაირღვეს სამართლიანი სასამართლოს უფლება".

"დღეს, მე-18 დღეა ჩვენი კოლეგა, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი შიმშილობს. ჩვენ კიდევ ერთხელ, მკაფიოდ და ხმამაღლა გვინდა გამოვთქვათ მის მიმართ სოლიდარობა, რომელიც, ვიცით, რომ არ კმარა.

ჩვენ, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები, რომლებიც გავერთიანდით ამ ინსტიტუციის დასაცავად, მივიჩნევთ, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, პირველ რიგში, სრულფასოვნად, ჯეროვანი ემპათიითა და ყურადღებით უნდა გააშუქოს მზია ამაღლობელის ხილულად ძალადობრივად დაპატიმრების საქმე.

მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, როგორც საჯარო ინტერესის მედია ინსტიტუციამ, უნდა აღიაროს, რომ მზია ამაღლობელის დაპატიმრება, მისი სამართლებრივად დაუსაბუთებელი და არაპროპორციული დასჯა, საგანგაშოდ ცვლის მედიაგარემოს ქვეყანაში. სწორედ იმ მედია გარემოს, რომლის გაუმჯობესებაზე ყველაზე მეტად საზოგადოებრივი მაუწყებელია პასუხისმგებელი, რაც ღიად აქვს გაცხადებული საკუთარ სტრატეგიაში - "საზოგადოებრივი მაუწყებელი პოზიციონირებს, როგორც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაცია. ჩვენ ვმუშაობთ, რომ დავამკვიდროთ პასუხისმგებლობის პრინციპები სარედაქციო შემოქმედებითი მიმართულებით და გავლენა მოვახდინოთ ინდუსტრიაში ეკოლოგიური მედიაგარემოს გაუმჯობესებაზე".

საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი ახლა პრაქტიკულად უნდა ადვოკატირებდეს, რომ მზია ამაღლობელისთვის არ დაირღვას სამართლიანი სასამართლოს უფლება. მეტიც საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა მოუწოდებდეს, როგორც ჯანდაცვის სამინისტროს, ისე სახალხო დამცველს, სასწრაფოდ შეიქმნას მაღალი კვალიფიკაციის ექიმებისგან დაკომპლექტებული კომისიები, რომლებიც ყოველდღიურად მიაწოდებენ საზოგადოებასა და მედიას ინფორმაციას მზია ამაღლობელისა და მასთან ერთად, სხვა მოშიმშილეთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე", - ნათქვამია განცხადებაში.

ტელევიზიის თანამშრომლების თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერები უნდა ეთმობოდეს სიღრმისეულ დისკუსიებს, სადაც დამოუკიდებელი ჟურნალისტები და მედიაპროფესიონალები ღიად ილაპარაკებენ იმ წნეხზე, თავდასხმებსა და ტერორზე, რომლის სამიზნეებადაც ისინი ე.წ. აგენტების კანონმა აქცია.

"უცხოური გამჭვირვალობის კანონმა, რომელიც დამოუკიდებელ მედიას უცხოური გავლენის გამტარად დარეგისტრირებას სთხოვს, კრიტიკული და მიუკერძოებელი ჟურნალისტები იძულებით ჩააბა პროტესტის ფერხულში, ისევე, როგორც მზია ამაღლობელი. ამიტომაც, არ უნდა გაგვიჭირდეს იმის აღიარება, რომ მზია ამაღლობელის განსასჯელსი სკამზე ყურება ჩვენთვის ყველას საკუთარი მომავლისთვის თვალის გასწორებად.

მზიას სახით, დღეს იქ სწორედ დამოუკიდებელი მედია ზის განსასჯელის სკამზე. ნაცვლად ამისა, საზოგადოებრივი მაუწყებელი დღემდე ვერ ან არ ახერხებს საეთერო დროის დათმობას ჟურნალისტებისთვისა და მედია პროფესიონალებისთვის, მათთვის, ვინც დღეს თავისუფლებისთვის დაუღალავად იბრძვის", - ნათქვამია არხის თანამშრომლების განცხადებაში.

საზ.მაუს თანამშრომლების ნაწილის განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი დღემდე არ რეაგირებს იმ ფაქტზე, რომ მზია ამაღლობელის სარჩელი განსახილველადაც არ მიიღო სააპელაციო სასამართლომ.

"საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც განცხადებით გამოხატავს შეშფოთებას, როდესაც საკუთარი თანამშრომლების მიმართ ბულინგად აღიქვამს ლეგიტიმურ მოთხოვნას, რომ გაიხსნას პირდაპირი ეთერი. განცხადებითაც არ ეხმაურება მზია ამაღლობელისთვის სამართლიანი სასამართლოს უფლების ხელყოფას.

ჩვენ, საზ.მაუს მცველებს, გვჯერა, რომ გამოვხატავთ არხის თანამშრომელთა დიდი ნაწილის სოლიდარობას მზია ამაღლობელის მიმართ. საქართველოს პირველი არხი დღეს პოზიციონირებს როგორც ყველაზე ევროპილი ინსატიტუცია საქართველოში, რადგან ის უკვე არის ევროპულ მაუწყებელთა კავშირის წევრი და საკუთარ სტრატეგიაში ციტირებს: "ევროპულ მაუწყებელთა კავშირის გზავნილებს ბრიუსელში, ევროპარლამენტის შეხვედრიდან ევროპამ უნდა დაიცვას თავისი თავისუფალი მედია და თუ მას სურს, რომ დაიცვას დემოკრატია".

ამიტომაც ჩვენ, როგორც ასეთი ინსტიტუციის წარმომადგენლები, ვითხოვთ მოვუწოდებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტს, დავიცვათ თავისუფალი მედია საკუთარ ქვეყანაში, რომ დავიცვათ დემოკრატია საქართველოში", - ნათქვამია თანამშრომლების ნაწილის განცხადებაში.