
საუდის არაბეთში რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო. ინფორმაციას რუსული სამთავრობო პროპაგანდისტული მედია ავრცელებს.
როგორც ცნობილია, დელეგაციას რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი და უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორის მრჩეველი, სერგეი ბესედა წარმოადგენენ.
Reuters-ის ცნობით, ამერიკულ დელეგაციას წარმოადგენენ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფროსი დირექტორი, ენდრიუ პიკი და სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი, მაიკლ ანტონი.
მოლაპარაკებები სასტუმრო Ritz-Carlton-ში მიმდინარეობს. რუსული მედიის ცნობით, საუდის არაბეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჟურნალისტებს სასტუმროს ტერიტორია დაატოვებინა.
თეთრი სახლის ცნობით, მოლაპარაკებების მიზანი შავ ზღვაში საზღვაო ცეცხლის შეწყვეტის მიღწევაა. გუშინ, 23 მარტს რიადში მოლაპარაკებები გაიმართა უკრაინა-აშშ-ის წარმომადგენლებს შორის.