შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში, სასტუმრო ამბასადორში ხანძრის გაჩენის საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს. უწყების განცხადებით, მას ბრალად ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანება ან განადგურება ედება - დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში მდებარე სასტუმრო ამბასადორის ერთ-ერთ ნომერში მყოფმა სტუმარმა გააჩინა ხანძარი, რომელიც გავრცელდა სასტუმროს მესამე და მეოთხე სართულზე. შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე გამოცხადდნენ სამართალდამცველები და მეხანძრე-მაშველები, რომლებმაც დაიწყეს ხანძრის ქრობის სამუშაოები. სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს", - აცხადებენ შსს-ში.
უწყების თქმით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
გუშინ თბილისში, სასტუმრო ამბასადორში ხანძარი გაჩნდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 16 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობდა.
როგორც უწყებაში აღნიშნავდნენ, იყო ცეცხლის გვერდზე მდგომ შენობებზე გადასვლის საფრთხე, რაც მეხანძრე-მაშველებმა აღკვეთეს. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.