ზუგდიდში საქართველოს ბანკის ფილიალის დაყაჩაღებაში ბრალდებულ ბადრი ესებუას სასამართლომ 13 წელი მიუსაჯა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ესებუა ყველა წარდგენილ ბრალში დამნაშავედ ცნო.
ბადრი ესებუა წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და ყველა პროცესზე აცხადებდა, რომ ბანკი არ გაუძარცვავს. დღევანდელ პროცესზეც მან თქვა, რომ ბანკის ძარცვის დღეს სოფლიდან არ გასულა, თუმცა რამდენიმე საათით მეზობელს სასაფლაოზე გაჰყვა. ესებუას თქმითვე, ადამიანი, რომელსაც ის სასაფლაოზე გაჰყვა, დღეს ცოცხალი აღარ არის.
2020 წლის 21 ოქტომბერს ბანკის ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა.
დაახლოებით 23:00 საათზე, რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის და მოლაპარაკების შემდეგ, მას თანხა გადასცეს. თავდამსხმელი შენობიდან 3 მძევალთან ერთად გამოვიდა, მათგან ერთ-ერთი მომლაპარაკებელი, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი იყო. რამდენიმე საათის შემდეგ თავდამსხმელი კაცი მოთხოვნილი თანხით გაუჩინარდა.
აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობდა, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
შსს-მ განაცხადა, რომ მძარცველი ბადრი ესებუა იყო. ბრალდებული 2023 წლის 8 თებერვალს დააკავეს.
ამავე საქმის ფარგლებში დააკავეს ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა. მას გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარებას ედავებოდა. შსს-ს განცხადებით, არსებობდა ვარაუდი, რომ ბიძინა ესებუას ძებნილ ძმასთან ჰქონდა კონტაქტი და მისთვის უნდა გადაეცა სხვადასხვა ნივთები, რის გამოც პოლიცია უთვალთვალებდა. მათივე ცნობით, ბიძინა ესებუა მაშინ დააკავეს, როდესაც მიმალვას ცდილობდა. ბიძინა ესებუას 2021 წელს 4 წელი მიუსაჯეს.