სასამართლომ ბაჩიაშვილს ივანიშვილისთვის 9 000-მდე ბიტკოინის გადახდა დააკისრა

სასამართლომ ბაჩიაშვილს ივანიშვილისთვის 9 000-მდე ბიტკოინის გადახდა დააკისრა

სასამართლომ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს გიორგი ბაჩიაშვილს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილისთვის 9 000-მდე ბიტკოინის გადახდა დააკისრა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზაალ მარუაშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

მოსამართლის გადაწყვეტილების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ გიორგი ბაჩიაშვილი ბიტკოინებით გადახდაზე უარს იტყვის, მაშინ მან ბიძინა ივანიშვილს ამ რაოდენობის თანხა უნდა დაუბრუნოს უკან, რასაც ბიტკოინი გადაწყვეტილების გამოცხადების მომენტში მოიაზრებს.

10 მარტს ბიტკოინების საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილს სასამართლომ 11 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილების გამოცხადების მომენტში გიორგი ბაჩიაშვილი საქართველოში უკვე აღარ იმყოფებოდა.

4 მარტს გიორგი ბაჩიაშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ საქართველო დატოვა და მიზეზად დაასახელა მიღებული ინფორმაცია მის უსაფრთხოებაზე რეალური საფრთხის შესახებ.

6 ივლისს ცნობილი გახდა, რომ გენერალურმა პროკურატურამ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

პროკურატურა თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს გიორგი ბაჩიაშვილის ბიძინა ივანიშვილის ფულის მითვისებას ედავება.

ბაჩიაშვილი 2013-2019 წლებში თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი იყო, ამჟამად კი მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას იკავებს.

პროკურატურა მას 39 მილიონი დოლარის მითვისებას ედავება.

პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა 2015 წლის ზაფხულში, მის მიერ პირადად მობილიზებული და ინვესტორის მიერ გადაცემული თანხებით კრიპტოვალუტა - ბიტკოინის გამომუშავება/მაინინგში ინვესტიცია განახორციელა.

სასამართლომ ბაჩიაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით 2.5 მილიონი ლარი შეუფარდა.

25 თებერვალს საქართველოს პროკურატურამ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ გენერალურ დირექტორს, გიორგი ბაჩიაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა - სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის ფაქტზე.

პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.