საფრანგეთში საპროტესტო აქციაზე დაკავებულთა რიცხვი 667-ს აღწევს. ინფორმაციას BBC ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
პარიზსა და მის გარეუბნებში, ასევე საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში უკვე მე-3 დღეა არეულობა გრძელდება.
მოქალაქეები პოლიციის მიერ 17 წლის მძღოლის მკვლელობას აპროტესტებენ. არეულობის მონაწილეებმა გადაკეტეს ქუჩები, ცეცხლი წაუკიდეს ავტომობილებს, პოლიციელებს ფეიერვერკები ესროლეს. პოლიცია კი დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლმდენ გაზს იყენებდა.
უცნობმა პირებმა ქალაქ ფრენში, ქვეყანაში სიდიდით მეორე ციხის დაცვის პუნქტს ფეიერვერკები გაუხსნეს. Le Monde-ს ინფორმაციით, ციხის ტერიტორიაზე შეღწევა მათ ვერ მოახერხეს.
დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები იყო ლილში, ტულუზასა და ლიონშიც.
17 წლის მოზარდი 27 ივნისს პარიზის გარეუბანში, ნანტერში მოკლეს. პოლიციის ინფორმაციით, ავტომობილის საჭესთან მჯდომმა ნაელ მ.-მა უარი თქვა დამორჩილებოდა მათ მოთხოვნას, რის გამოც ესროლეს. თუმცაღა მოგვიანებით გავრცელებული ვიდეოჩანაწერში, რომელიც სოცქსელებში მოხვდა, ჩანს, რომ ავტომობილის შემოწმების დროს ერთ-ერთ პოლიციელს მოზარდი მიზანში ჰყავს ამოღებული. როდესაც ავტომობილი დაიძრა, პოლიციელმა ისროლა და მძღოლს მკერდში მოარტყა. შემთხვევის ადგილზე მისულმა ექიმებმა 17 წლის ბიჭის გადარჩენა ვერ მოახერხეს. როგორც ცნობილია, ბიჭი წარმოშობით ალჟირელი იყო.
Rfi-ს ინფორმაციით, 38 წლის პოლიციელი, რომელმაც მძღოლს ესროლა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. იგი ამბობს, რომ ისროლა, რადგანაც ეგონა, რომ მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ იყო.
სროლის დროს მანქანაში კიდევ ორი ადამიანი იმყოფებოდა. ერთი გაიქცა, მეორე კი, ასევე არასრულწლოვანი, პოლიციამ დააკავა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ის შოკირებულია მომხდარით და მოუწოდა ძალადობის შეწყვეტისა და სიმშვიდის გამოვლენისკენ. ამასთან, ქვეყანაში მიმდინარე არეულობას მან "გაუმართლებელი" უწოდა.
კომენტარი გააკრიტიკეს პოლიციის პროფკავშირში, სადაც განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა ნაადრევად გადაწყვიტა ოფიცრების გასამართლება.