საფრანგეთის საგარეო: ჰამასის თავდასხმის შედეგად ისრაელში ჩვენი 2 მოქალაქე დაიღუპა

საფრანგეთის საგარეო: ჰამასის თავდასხმის შედეგად ისრაელში ჩვენი 2 მოქალაქე დაიღუპა

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჰამასის თავდასხმის შედეგად ისრაელში საფრანგეთის ორი მოქალაქე დაიღუპა.

"საფრანგეთი მწუხარებას გამოთქვამს ჰამასის თავდასხმის შედეგად ისრაელში საფრანგეთის ორი მოქალაქის ტრაგიკული გარდაცვალების გამო", - ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ ჰამასის თავდასხმის შედეგად ისრაელში აშშ-ის 9 მოქალაქე დაიღუპა.

7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.

ჰამასის თავდასხმის შედეგად ისრაელში დაღუპულთა რიცხვი 800-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის დაშავებულია სულ მცირე 2506 ადამიანი.