საფრანგეთი უკრაინას შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს გაუგზავნის

საფრანგეთი უკრაინას შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს გაუგზავნის

საფრანგეთი უკრაინას შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს გაუგზავნის. განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სამშაბათს, ლიტვაში, ვილნიუსში ნატოს სამიტზე ჩასვლისას გააკეთა.

კერძოდ, საუბარია ფრანგული წარმოების შორ რადიუსზე მოქმედ რაკეტებზე სახელწოდებით SCALP. მაკრონის თქმით, დახმარების მიზანია, უკრაინას უფრო შორი დარტყმების საშუალება მიეცეს კონტრშეტევის მიმდინარეობისას, რათა შეძლონ საკუთარი ტერიტორიის დაცვა.

"სიტუაციისა და უკრაინის კონტრშეტევის გათვალისწინებით, გადავწყვიტე, გავზარდო იარაღისა და აღჭურვილობის მიწოდება, რათა უკრაინელებმა შეძლონ უფრო შორი დარტყმები და ამასთანავე შევინარჩუნოთ ჩვენი დოქტრინის სიცხადე და თანმიმდევრულობა - ანუ უკრაინას მივცეთ საშუალება, დაიცვას თავისი ტერიტორია" - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ემანუელ მაკრონი უკრაინის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივასაც შეეხო: "ვფიქრობ, დღეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ უკრაინას გავუგზავნოთ გზავნილი, ნატოს ერთიანობისა და გადაწყვეტილების შესახებ. რუსეთმა არ და ვერ უნდა მოიგოს ეს ომი" - დასძინა მან.

NATO-ს სამიტი ვილნიუსში 11-12 ივლისს იმართება.