საპოლიციო ძალები ჭავჭავაძის გამზირზე განლაგდნენ

საპოლიციო ძალები ჭავჭავაძის გამზირზე განლაგდნენ

საპოლიციო ძალები ჭავჭავაძის გამზირზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარედ განლაგდნენ. ამ ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ რუსთაველის გამზირიდან აქციის მონაწილეებმა გადმოინაცვლეს.

პოლიცია ადგილზე როგორც მელიქიშვილის გამზირიდან, ასევე ჭავჭავაძის გამზირიდან და კეკელიძის ქუჩის კუთხიდან მივიდა.

ადგილზე მობილიზებული არიან რობოკოპები, ასევე წყლის ჭავლის მანქანა.

საპოლიციო ძალებმა ჭავჭავაძეზე ერთი მოქალაქე დააკავა. პარალელურად ფაქტის გადაღებაში პოლიცია ფორმულას გადამღებ ჯგუფს ხელს უშლიდა.

ტერიტორიაზე არ ჩანან აქციის მონაწილეები. ისინი ადგილს, სავარაუდოდ, პარალელური ქუჩებით გაერიდნენ.

დაახლოებით დილის 6 საათისთვის აქციის მონაწილეებმა, რომლებიც რუსთაველის გამზირზე მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ, ჭავჭავაძის გამზირზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობასთან მსვლელობით გადაინაცვლეს.

რუსთაველის გამზირიდან აქციის მონაწილეების გასვლის შემდეგ, ტერიტორიის დატოვება დაიწყო სპეცრაზმმა.

ღამის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ვითარება არაერთხელ დაიძაბა. საპოლიციო ძალები ძალადობრივად აკავებდნენ მოქალაქეებს, მათ შორის აქციის მონაწილეების წინააღმდეგ იყენებდნენ წყლის ჭავლსა და ე.წ. გაზის კაფსულებს.