საპატრიარქო "ოჯახის სიწმინდის დღესთან" დაკავშირებით 17 მაისს მსვლელობას გამართავს

საპატრიარქო "ოჯახის სიწმინდის დღესთან" დაკავშირებით 17 მაისს მსვლელობას გამართავს

საპატრიარქო 17 მაისს, "ოჯახის სიწმინდის დღესთან" დაკავშირებით მსვლელობას გამართავს.

როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნული, 17 მაისს ქაშვეთის ტაძარში პარაკლისი აღევლინება, რის შემდეგაც საზეიმო მსვლელობა-ლიტანიობა გაიმართება

"2014 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოცხადდა.

ამ დღესთან დაკავშირებით ოთხშაბათს, 17 მაისს, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) პარაკლისს აღასრულებს ქაშვეთის ტაძარში 12:00 საათზე.

პარაკლისის შემდეგაც შედგება საზეიმო მსვლელობა-ლიტანიობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრამდე, სადაც ასევე შესრულდება სამადლობელი პარაკლისი.

მშვენიერ ტრადიციად ქცეული ჩვეულებრივობით ვიკრიბებით ყველა, სამღვდელოება და მრევლი, ოჯახებთან ერთად!", - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ 2014 წელს დააწესა. ერთი წლით ადრე - 2013 წლის 17 მაისს ათობით სასულიერო პირმა და მათმა მრევლმა ლგბტ აქტივისტების მცირე ჯგუფზე იძალადა და მათი მცირერიცხოვანი აქცია ძალადობრივად დაშალა.