
ქართული ოცნების მთავრობის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში იმყოფება.
დელეგაციას ქართული ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, რომელიც საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უნგრეთის პრემიერ ვიქტორ ორბანს უკვე მეშვიდედ ხვდება.
უნგრეთის პრემიერ ვიქტორ ორბანთან შეხვედრის შემდეგ, ირაკლი კობახიძემ და მან ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, რომელზეც ვიქტორ ორბანმა ქართული ოცნების მთავრობა შეაქო, ირაკლი კობახიძემ კი პასუხად მას "ძლიერი და ურყევი მხარდაჭერისთვის" მადლობა გადაუხადა.
ვიქტორ ორბანმა საუბარი საქართველოს "ეკონომიკური წარმატებით" დაიწყო და თქვა, რომ საქართველოსი "ყველას შურს", რადგან "7%-იანი ეკონომიკური ზრდა დიდი მიღწევაა".
მან ასევე თქვა, რომ 2022 წელს "გლობალური მეინსტრიმ ლიბერალები" საქართველოსა და უნგრეთის მთავრობებისთვის "ხელის შეშლას ცდილობდნენ", ამ კონტექსტში შეაქო ქართული ოცნება და აღნიშნა, "საქართველოს მთავრობა მათთვის არის მხეცი, რომელთანაც ეშინია ევროკავშირს, ბრიუსელს ბრძოლა, რადგან პირველია, რომელმაც მათ წინააღმდეგობა გაუწია".
"ჩვენ ასეთი შეხვედრები უფრო ბევრჯერ დაგვჭირდება, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხნის წინ მივიღე ევროპიდან დელეგაცია, რომელიც ნამდვილად არის ძალიან დიდი სიამოვნება, საუბარი მაქვს საქართველოს დელეგაციაზე. ყველას შურს მათი, ჩვენც გვშურს საქართველოსი, 7%-იანი ეკონომიკური ზრდა, ღმერთო ჩემო, ეს ხომ დიდი მიღწევაა. კლებადი სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი, კლებადი სახელმწიფო ვალი. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა ჩვენთვის დიდი პატივია, ამ წლების განმავლობაში ასეთი შედეგების გაზიარება ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ასეთი შედეგების მიღწევა არის დიდი ნახტომი წინ. არ იყო ალბათ ეს იოლი, მაგრამ ჩვენც, უნგრელებს, გვექნებოდა დიდი პატივი, რომ ასეთი შედეგი გვქონოდა.
2022 წელს, როდესაც გლობალური მეინსტრიმ ლიბერალები ცდილობდნენ, რომ ჩვენთვის და თქვენთვის შეეშალათ ხელი და ჩვენს ქვეყნებში არ ყოფილიყო ისეთი მთავრობები, როგორებიც ახლა ვართ, რა იქნებოდა? დღესაც გვიწევს მათთან ბრძოლა, უბრალოდ იმიტომ, რომ საქართველოს მთავრობა მათთვის არის ის მხეცი, რომელთანაც ეშინია ევროკავშირს, ბრიუსელს ბრძოლა, რადგან საქართველო არის პირველი, რომელმაც გაუწია წინააღმდეგობა. აი, ეს ემოცია ჩვენთვის არის საერთო. ჩვენც გვინდა, რა თქმა უნდა, ამხელა ეკონომიკური ზრდა, მაგრამ დრო მოვა და ჩვენც გვექნება", - თქვა ვიქტორ ორბანმა.
ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე არაერთხელ გადაუხადა მადლობა უნგრეთსა და მის პრემიერს ვიქტორ ორბანს და აღნიშნა, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციის ყველაზე დიდი მხარდამჭერი უნგრეთია.
მისივე თქმით, საქართველოსა და უნგრეთს "მსგავსი გამოწვევები აქვთ, რომელთა გამკლავებისთვისაც საჭიროა ერთად დგომა".
"პირველ რიგში, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ უნგრეთში თქვენი გულთბილი მასპინძლობისთვის და კიდევ უფრო დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმ ძლიერი და ურყევი მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენ ვგრძნობთ თქვენგან და ამას ძალიან აფასებს ქართველი ხალხი. [...] მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რაც არაერთხელ გვითქვამს, რომ უნგრეთი რჩება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ყველაზე ძლიერ, ყველაზე ძლიერ მხარდამჭერად. იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ექმნებოდა ხელოვნური დაბრკოლებები ევროინტეგრაციის გზაზე, უნგრეთი იყო სწორედ ის ქვეყანა, რომელიც მაქსიმუმს აკეთებდა საქართველოს ევროინტეგრაციისთვის, ამ პროცესის მხარდასაჭერად.
ჩვენ გვაქვს ძალიან მსგავსი გამოწვევები და ამ გამოწვევებთან გამკლავებისთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჩვენი ერთად დგომა. კიდევ ერთხელ, მხარდაჭერისთვის ძალიან დიდი მადლობა და რა თქმა უნდა, საქართველო ყოველთვის იდგება იქ, სადაც არის უნგრელი ხალხის ინტერესები. რა თქმა უნდა, ჩვენ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას იმისა, რომ დაგიბრუნოთ სათანადო პასუხი იმ მხარდაჭერაზე, რომელსაც ვგრძნობთ და ვიღებთ თქვენი მხრიდან. ვიტყვი, რომ ქართველი ხალხი ძალიან აფასებს პირადად თქვენს, უნგრეთის მხარდაჭერას საქართველოს მიმართ და რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორობის დღევანდელი მდგომარეობა ქმნის საფუძველს იმისათვის, რომ ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად განვითარდეს, დინამიკაც არის დადებითი და კიდევ ერთხელ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ განვავითაროთ ორმხრივი ურთიერთობები ჩვენს შორის", - თქვა ირაკლი კობახიძემ.