"საოცრება იყო" - კალაძე ცინიზმით პასუხობს კითხვას ბრიტანეთის პარლამენტში გამართულ დებატებზე

"საოცრება იყო" - კალაძე ცინიზმით პასუხობს კითხვას ბრიტანეთის პარლამენტში გამართულ დებატებზე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კუთხით გამართულ დებატებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას ცინიზმით პასუხობს.

კალაძის თქმით, "ლორდთა პალატა საოცრება იყო" და "ეს ნათელი მაგალითია, მიუთითებს მათ დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ".

"ლორდთა პალატა საოცრება იყო, გადავსებული დარბაზი და განცხადებები იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება დემოკრატიის თვალსაზრისით საქართველოში. ესეც ნათელი მაგალითია, მიუთითებს მათ დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ. 3 კაცი იყო, დავთვალე, დარბაზში.

რა თქმა უნდა, 2012 წელი გარდამტეხი იყო ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში, 2012 წლამდე ქვეყანაში იყო დემოკრატიის შუქურა, ვისმენდით მათ განცხადებებს, ახლა არის გარკვეული პრობლემები ამ მიმართულებით, თუმცა, რეალურად, აბსოლუტურად სხვა ვითარებაა ქვეყანაში. 2012 წლის შემდეგ, დემოკრატიის თვალსაზრისით, გამოხატვის და სიტყვის თავისუფლების თვალსაზრისით, აბსოლუტურად რადიკალურად განსხვავებული ვითარება გვაქვს და ამას ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა გრძნობს საკუთარ თავზე, ეს არის ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი - ჩემი ქვეყნის მოქალაქეები რას გრძნობენ საკუთარ თავზე. მარტივია გავაკეთოთ შედარება, რა ხდებოდა 2012 წლამდე და რა ხდება დღეს, რა ვითარება გვაქვს, არის რეფორმები გასაკეთებელი? - კი ბატონო, მაგაში გეთანხმებით, რეფორმები უნდა გაგრძელდეს, გვაქვს წინგადადგმული ნაბიჯები, მიღწევები და რა თქმა უნდა, ეს გზა არის მნიშვნელოვანი და ყველაფერს გავაკეთებთ ევროინტეგრაციის გზაზე, ამ ურთულეს გზაზე", - თქვა კალაძემ.

***

დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოში პოლიტიკური და უსაფრთხოების კუთხით არსებულ სიტუაციაზე დებატები გაიმართა. დებატების გამართვის ინიციატივით კონსერვატიული პარტიის წევრი ადამ ჰოლოუეი გამოვიდა.

კონსერვატორმა დეპუტატმა დებატების დასაწყისში განაცხადა, რომ საქართველოს მმართველი პარტია პროპუტინურია და ქმნის საფრთხეს, რომ "საქართველო რუსეთის მარიონეტი გახდება".

ჰოლოუეიმ ისაუბრა ბიძინა ივანიშვილზეც და აღნიშნა, რომ ოლიგარქმა ხელისუფლებაში ქართული ოცნების მოსვლისთვის რუსეთში ნაშოვნი ფულით ხმები იყიდა და მიუხედავად იმისა, რომ დღეს ოფიციალურად პოლიტიკაში არაა, მას დიდი გავლენა აქვს „ქართულ ინსტიტუტებზე“.

ადამ ჰოლოუეიმ ასევე მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზე და განაცხადა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითი დღე უარესდება.

მისი თქმით, მათ შორის, სააკაშვილის ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაკმაყოფილება, მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

დიდი ბრიტანეთის ევროპის მინისტრმა ლეო დოქერტიმ დებატების დროს მთავარი არხის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას პატიმრობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, გვარამიას დაპატიმრება მთავრობის მხრიდან კონტრპროდუქტიული ნაბიჯი იყო.