სამოქალაქო საზოგადოება: EU-მ არ გაითვალისწინოს თვითგამოცხადებული მთავრობის განცხადება

სამოქალაქო საზოგადოება: EU-მ არ გაითვალისწინოს თვითგამოცხადებული მთავრობის განცხადება

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ევროკავშირს მოუწოდებენ, რომ ქართული ოცნების განცხადება არ გაითვალისწინოს. ამის შესახებ განცხადება ქართული ოცნების ოფისთან გაკეთდა და ის მწერალმა რატი ამაღლობელმა წაიკითხა.

მას შემდეგ რაც ქართული ოცნების გადაწყვეტილებით საქართველოს ევროინტეგრაცია ჩერდება, მოქალაქეები პარლამენტისა და ქართული ოცნების ოფისის წინ შეიკრიბნენ.

"28 ნოემბრის, არალეგიტიმური პარლამენტის მიერ არჩეული პრემიერ მინისტრის განცხადების შემდეგ საბოლოოდ უარი ითქვა საქართველოს ევროპული მომავლის, ევროპული ინტეგრაციისა და ქვეყნის ისტორიულ კურსზე.

ეს არის საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგო ნაბიჯი, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს უხეშად ლახავს. აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო ღალატს, რომელმაც გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს მომავალ თაობებს და უკიდურეს საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფოებრიობას. ამის დასტურად ვლადიმერ პუტინმა უმალვე მოიწონა ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილება.

საქართველოს მოქალაქეები ამას არ უნდა შევურიგდეთ. ჩვენ უნდა გავწიოთ წინააღმდეგობა ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით. დღეს იწყება სრულიად ახალი ბრძოლა რუსულ რეჟიმთან და ამ ბრძოლაში უნდა გავიმარჯვოთ.

მოვუწოდებთ ევროპის კავშირს, არ გაითვალისწინოს თვითგამოცხადებული მთავრობის განცხადება, რომელსაც არ აქვს ქართველი ხალხის ლეგიტიმაცია. ევროკავშირთან მოლაპარაკებები უნდა გახსნას ქართველმა ხალხმა და მისმა დემოკრატიულად არჩეულმა ხელისუფლებამ", - აღნიშნულია სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების განცხადებაში.