უკრაინის სამხრეთის შეიარაღებული ძალების პრესცენტრის ხელმძღვანელის, ნატალია ჰუმენიუკის განცხადებით, რუსეთმა, შესაძლოა, 9 მაისს უკრაინაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელოს.
"კრემლის დიქტატორმა, ვლადიმერ პუტინმა არაერთხელ განაცხადა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რომ 2 და 9 მაისი რუსეთისთვის წმინდა თარიღებია. ამიტომ, აღნიშნულ დღეებში შესაძლებელია, რომ ჩვენს ქვეყანაზე სარაკეტო თავდასხმები განახორციელონ. მათ მომზადება სჭირდებათ", - თქვა ჰუმენიუკმა.
მისი თქმით, რაშისტებს შეუძლიათ პროვოცირება, რადგან ახლა ოპერაციული პაუზა აქვთ მიღებული და ცდილობენ იარაღის მარაგი მოაგროვონ, რომელიც უკვე დიდწილად ამოიწურა. ამასთან, ჰუმენიუკი აღნიშნავს, რომ მტრის პოტენციური სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობა იქნება.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ამ კვირის დასაწყისში განაცხადეს, რომ შემოდგომაზე და ზამთარში რუსეთის ფედერაციამ 800 რაკეტა გაუშვა უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურების მიზნით. უკრაინის ცნობით, აგრესორი სახელმწიფოს რეზერვები მნიშვნელოვნად ამოწურულია.