
დადგა 5 ოქტომბერი. მინდა შევაჯამო არჩევნების შედეგები კიდევ ერთხელ: მთლიანობაში, ქვეყნის მასშტაბით, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ხმების 80%-ზე მეტი. თითქმის დასრულებულია უკვე ხმების დათვლა — გვაქვს უპრეცედენტო მაჩვენებელი, 80%-ზე მეტი, და მივიღეთ დაახლოებით მილიონი ხმა. კიდევ ერთხელ მადლობა ამომრჩეველს და, რა თქმა უნდა, ეს ჩვენი გამარჯვება არის საფუძველი იმისა, რომ გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის განვითარება, თითოეული მუნიციპალიტეტის განვითარება, - ამის შესახებ "ოცნების" პრემიერ0მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
"რაც შეეხება კიდევ ერთ აქტუალურ თემას — თარიღის კუთხითაც თქვენ გახსოვთ, იყო გარკვეული მუქარები აქციასა და ძალადობასთან დაკავშირებულ მოვლენებზე. თქვენ იცით, როგორ განვითარდა მოვლენები: დაანონსებული იყო ხელისუფლების დამხობა. ადამიანები მივიდნენ ამ აქციაზე, დაახლოებით 5-7 ათასი ადამიანი. ხელისუფლების დამხობის აქციაზე გადავიდნენ მოქმედებაზე, დაიწყეს დამხობა, ჩავარდა დამხობა და ამის შემდეგ დაიწყეს დამხობიდან გამიჯვნა. აი, ეს არის ძალიან მარტივი ქრონოლოგია იმისა, თუ როგორ გაემიჯნენ აქციის მონაწილეები დამხობის წარუმატებელ მცდელობას მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩავარდა დამხობის მცდელობა. კონკრეტულმა ადამიანებმა და ორგანიზაციებმა დაიწყეს დამხობიდან გამიჯვნა. მათ შორის იყო, მაგალითად, სალომე ზურაბიშვილი, კონკრეტული პარტიების ლიდერები, შემდეგ კონკრეტული აქტივისტები და ასე შემდეგ. თუმცა, რა თქმა უნდა, ვერავინ გაეპარება პასუხისმგებლობას — აქ იგულისხმება, მათ შორის, პოლიტიკური პასუხისმგებლობა.
მეორე — რაც შეეხება ძალადობაში მონაწილეობას. აქ კიდევ უფრო მძიმეა ადამიანების მდგომარეობა, ვინც მონაწილეობდა ძალადობაში: ყველა უკლებლივ არის დამხობის მცდელობის დანაშაულის ამსრულებელი. შესაბამისად, ამ ადამიანებს უნდა ელოდოთ „სიურპრიზები“ მომდევნო დღეების განმავლობაში და ამას ბევრი დრო არ დაჭირდება", - განაცხადა კობახიძემ.