პარლამენტის დეპუტატი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების კენჭისყრაზე "უმრავლესობამ რამდენიმე ოპოზიციონერთან ფარულ შეთანხმებას მიაღწია", რაც პოლიტიკური კონსენსუსი არ არის.
სამადაშვილის თქმით ამ პროცესის შედარება სახალხო დამცველის კენჭისყრასთან, სწორი არ არის და რომ გუშინდელი კენჭისყრა ევროკავშირის მოთხოვნის შესრულების მაგალითს არ წარმოადგენს.
"რა პროცედურით მიდის განხილვა ამ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის, რაც უკავშირდება ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებას, არის გაუგებარი. მოხდა შემდეგი, ნუ ატყუებთ საზოგადოებას, როდესაც ამას ადარებთ სახალხო დამცველს იმიტომ, რომ სახალხო დამცველის კენჭისყრის დროს, ცნობილი იყო ის სამი კოლეგა, რომელიც მათი აზრით, უნდა დაეჭირათ მხარი თქვენი წარმოდგენილი კანდიდატურისთვის. რაც მოხდა გუშინ, ეს არის ფარული შეთანხმება, რომელსაც მიაღწია უმრავლესობამ, რამდენიმე ოპოზიციონერ დეპუტატთან და თქვენთვის სასურველი კანდიდატურები დანიშნეთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. თქვენ თუ გგონიათ, რომ ამას ვინმე ჩათვლის ევროკავშირის მოთხოვნის შესრულებად, მე უნდა შეგახსენოთ, რომ ევროკავშირის მოთხოვნა, მათ შორის, მაღალი კვორუმი, რომელიც საჭიროა ამ ადამიანების დასამტკიცებლად არის მოგონილი სწორედ იმიტომ, რომ პოლიტიკური კონსენსუსი შედგეს. ფარული პოლიტიკური შეთანხმება პოლიტიკური კონსენსუსი არ არის, როდესაც კენჭისყრის წინ ვერ აფიქსირებენ კოლეგები საკუთარ გადაწყვეტილებას თუ ვისთვის აპირებენ მხარის დაჭერას. ფარული კენჭისყრით ისარგებლეთ და მიაღწიეთ ფარულ შეთანხმებას და ეს არ არის პოლიტიკური კონსენსუსი და დღეს, რატომ დებთ ამ კენჭისყრას? კონსულტაცია უნდა გაიაროთ შიგნით უმრავლესობამ? ვინ არის კიდევ კანდიდატები, ვისაც მხარს უჭერთ? ჩაატარეთ მაშინ კენჭისყრა, ვინც გადაწყვიტა ოპოზიციიდან ქართულ ოცნებასთან თანამშრომლობა დაუჭირონ მაშინ მხარი თქვენს წარდგენილ კანდიდატებს. რა საჭიროა კენჭისყრის გადადება ჩემთვის გაუგებარია, უმრავლესობის შიგნით დამატებითი კონსულტაციების გასამართად."- ამბობს სალომე სამადაშვილი პარლამენტში.
* * *
17 მაისს, პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოში არამოსამართლე წევრის 5 ვაკანტურ თანამდებობაზე 3 ახალი წევრი აირჩიეს - ტრისტან ბენაშვილი (93 ხმა), გიორგი გზობავა (91 ხმა), ზურაბ გურასპაშვილი (93 ხმა). ამის შემდეგ ოპოზიციამ დარბაზი დატოვა და კენჭისყრა შეწყდა.
კანდიდატების მხარდაჭერილი ხმების რაოდენობა გახდა რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატის უკმაყოფილების მიზეზი - 5-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ქართული ოცნების კანდიდატებს დაუჭირა მხარი. დეპუტატები ამბობდნენ, რომ ზოგიერთი ოპოზიციონერი მმართველ გუნდს გაურიგდა.
კენჭისყრა ფარული იყო, თუმცა მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს დეპუტატები არიან: ნატო და როსტომ ჩხეიძეები, ბაჩუკი ქარდავა, ნიკა მაჭუტაძე და დილარ ხაბულიანი. იმავე დღეს ჩხეიძეებმა და მაჭუტაძემ ენმ-ს ფრაქცია დატოვეს.
ოპოზიციის მიერ პლენარულ სხდომათა დარბაზის დატოვების შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის დარჩენილ 2 ვაკანტურ თანამდებობაზე არავინ შეირჩა. კენჭისყრის მეორე ტურში ოთხი კანდიდატი გადავიდა: რუსუდან კვინიკაძე, გოგა კიკალაშვილი, ლევან ნემსაძე და ნინო ნიშნიანიძე.
18 მაისს, პარლამენტმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრის 2 ვაკანტურ თანამდებობაზე არც ერთ კანდიდატს არ დაუჭირა მხარი. კენჭისყრის მეორე ტურში გადასული ოთხი კანდიდატიდან ვერც ერთმა საჭირო 90 ხმა ვერ მოიპოვა.