პარლამენტმა იუსტიციის საბჭოში 2 წევრის არჩევა ისევ ვერ მოახერხა

პარლამენტმა იუსტიციის საბჭოში 2 წევრის არჩევა ისევ ვერ მოახერხა

პარლამენტმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრის 2 ვაკანტურ თანამდებობაზე არც ერთ კანდიდატს არ დაუჭირა მხარი. კენჭისყრის მეორე ტურში გადასული ოთხი კანდიდატიდან ვერც ერთმა საჭირო 90 ხმა ვერ მოიპოვა.

კენჭისყრის დაწყებამდე ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციას კონსულტაციებისკენ მოუწოდა. ეს იმითაც არის განპირობებული, რომ ოპოზიციის ხმების გარეშე მმართველი გუნდი საბჭოში ვაკანტურ თანამდებობებს დამოუკიდებლად ვერ შეავსებს.

"ჩემი შემოთავაზება იქნებოდა, რომ დავიტოვოთ დრო კონსულტაციებისთვის, მანამდე გავიაროთ კონსულტაციები ამ ოთხი კანდიდატის გარშემო. დღეს ჩავატაროთ ერთგვარი ფორმალური კენჭისყრა. უმრავლესობის წევრების მიმართ ჩემი მოწოდება იქნება, რომ მხარი არ დაუჭიროთ არც ერთ კანდიდატს, ეს არის ფორმალური ჟესტი, დავიტოვოთ სივრცე იმისათვის რომ გაიმართოს კონსულტაციები", - თქვა კობახიძემ.

17 მაისს, პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოში არამოსამართლე წევრის 5 ვაკანტურ თანამდებობაზე 3 ახალი წევრი აირჩიეს - ტრისტან ბენაშვილი (93 ხმა), გიორგი გზობავა (91 ხმა), ზურაბ გურასპაშვილი (93 ხმა). ამის შემდეგ ოპოზიციამ დარბაზი დატოვა და კენჭისყრა შეწყდა.

კანდიდატების მხარდაჭერილი ხმების რაოდენობა გახდა რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატის უკმაყოფილების მიზეზი - 5-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ქართული ოცნების კანდიდატებს დაუჭირა მხარი. დეპუტატები ამბობდნენ, რომ ზოგიერთი ოპოზიციონერი მმართველ გუნდს გაურიგდა.

კენჭისყრა ფარული იყო, თუმცა მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს დეპუტატები არიან: ნატო და როსტომ ჩხეიძეები, ბაჩუკი ქარდავა, ნიკა მაჭუტაძე და დილარ ხაბულიანი. იმავე დღეს ჩხეიძეებმა და მაჭუტაძემ ენმ-ს ფრაქცია დატოვეს.

ოპოზიციის მიერ პლენარულ სხდომათა დარბაზის დატოვების შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის დარჩენილ 2 ვაკანტურ თანამდებობაზე არავინ შეირჩა. კენჭისყრის მეორე ტურში ოთხი კანდიდატი გადავიდა: რუსუდან კვინიკაძე, გოგა კიკალაშვილი, ლევან ნემსაძე და ნინო ნიშნიანიძე.