სალომე ზურაბიშვილს დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტზე უსმენენ

სალომე ზურაბიშვილს დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტზე უსმენენ

აქციებისას სხვადასხვა დროს არის დაკავებული დაახლოებით 400 ადამიანი, 50 ამ დრომდე ციხეში რჩება, 125-დღიანი პროტესტის დროს გადაღებული ყველა სურათი და ვიდეოკადრი აჩვენებს, რომ ის არის აბსოლუტურად მშვიდობიანი, თუმცა ეს ხდება, რადგან ჩვენ საქართველოში აღარ გვაქვს მართლმსაჯულების სისტემა, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

"არსებული ვითარება რომ არა, მოხარული ვიქნებოდი ფიზიკურად დავსწრებოდი კომიტეტის სხდომას. არიან პოლიტიკური ლიდერები ზოგიერთი პარტიიდან, რომლებიც არიან პროევროპული პარტიები და არიან იმ მოძრაობაში, რომელიც ჩვენ ახლახან შევქმენით. ისინი დაიბარეს პროკურატურაში, სისხლის სამართლის ბრალდებით, რადგან მათ მონაწილეობა არ მიიღეს პარლამენტის მიერ წარმოებულ გამოძიებაში. ჩვენ გვქონდა არჩევნები გასულ ოქტომბერს, რომელიც მრავალმხრივ იქნა გაკრიტიკებული და რაც უფრო გადის დრო, მეტს ვიგებთ, რამდენად ფართო და დახვეწილი ოპერაცია მოხდა, რომელიც იყო ინსპირირებული რუსეთისგან და რუსული მეთოდებით. შედეგად, პოლიტიკურმა პარტიებმა უარი თქვეს პარლამენტში შესვლაზე და მის ლეგიტიმურად ცნობაზე. პარლამენტი შეიკრიბა არაკონსტიტუციური ფორმით, კონსტიტუციის დარღვევით. არჩევნებიდან მალევე, ერთ თვეზე ნაკლებ დროში, არალეგიტიმურმა პრემიერ-მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომ აჩერებს დისკუსიებს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. არჩევნებზე მანიპულაციამ, გაყალბებამ და პრემიერის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ, საქართველოში მასშტაბური საპროტესტო აქციების დაწყება განაპირობა, რომელიც დღემდე გრძელდება. მაგალითისთვის, გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო, აღინიშნებოდა საიუბილეო თარიღი 1991 წელის 31 მარტიდან. გაიმართა მასშტაბური პროტესტი, რომელსაც მრავალი ათასი ადამიანი დაესწრო", – განაცხადა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პროტესტი გრძელდება ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში და მოიცავს ქვეყნის სხვადასხვა სეგმენტს, რადგან პრაქტიკულად ყველა რეპრესიული კანონების ქვეშ მოექცა.

"ალბათ გსმენიათ „რუსული კანონის“ შესახებ, რომელიც იყო ასლი იმისა, რასაც რუსეთი აკეთებს სამოქალაქო საზოგადოების ჩასახშობად. საქართველოში ეს პროცესი უკიდურესად სწრაფად ვითარდება და ფაქტობრივად ყოველ ახალ დღეს ჩვენ გვაქვს ახალი კანონები, რომლებიც არის ასევე ასლები იმისა, რასაც რუსეთი აკეთებს – ძალადობით ქუჩაში, ადამიანების საკუთარი სახლიდან, მეტროდან გატაცებით, მათი გაუჩინარებით და შემდეგ პოლიციის რომელიმე განყოფილებაში აღმოჩენით. სხვადასხვა დროს არის დაკავებული დაახლოებით 400 ადამიანი, ზოგი ადმინისტრაციული წესით, ზოგი კი სისხლის სამართლით, იმის მიუხედავად, რომ ეს პროტესტი იყო აბსოლუტურად მშვიდობიანი. მათგან დაახლოებით 50 ამ დრომდე ციხეში რჩება და მათ ემუქრებათ 7-დან 11 წლამდე პატიმრობა. ადამიანებს, რომლებიც კარგად ნაცნობი არიან საზოგადოებისთვის, ეპყრობიან, როგორც კრიმინალებს. 125-დღიანი პროტესტის დროს გადაღებული ყველა სურათი და ვიდეოკადრი აჩვენებს, რომ ის არის აბსოლუტურად მშვიდობიანი, თუმცა ეს ხდება, რადგან ჩვენ საქართველოში აღარ გვაქვს მართლმსაჯულების სისტემა", – განაცხადა ზურაბიშვილმა.