საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ახალი დეკლარაციის მიხედვით, გასულ წელს მან ევროპის ქვეყნებში ვიზიტების განსახორციელებლად 48 ათას ლარზე მეტი პირადი ხარჯი გასწია.
ეს თანხა, მათ შორის, მოიცავს მის ოფიციალურ ვიზიტებს ევროპის დედაქალაქებში, რომლებზეც საქართველოს მთავრობისგან თანხმობა არ ჰქონდა.
ამავე დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ გასული წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით სალომე ზურაბიშვილმა 55 275 ლარი ქველმოქმედებისთვის გაიღო.
პრეზიდენტის უახლესი დეკლარაცია 2024 წლის 29 იანვარს გამოქვეყნდა.
გასული წლის პირველ სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნება სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებდა. მიზეზად პარტიაში მთავრობის უარის მიუხედავად, პრეზიდენტის ევროპაში გამგზავრება დაასახელეს, რითაც მან "უხეშად დაარღვია კონსტიტუცია".
30 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტის პარალელურად განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მას ყველა მოთხოვნილ ვიზიტზე უარი უთხრეს, მათ შორის, უკრაინაში.
კერძოდ, საუბარია სამ სამუშაო ვიზიტზე: 2023 წლის 31 აგვისტოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, 2023 წლის 1 სექტემბერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან და 2023 წლის 6 სექტემბერს საფრანგეთის პრეზიდენტთან.
შემდეგ, საკითხის პარლამენტში გადმოტანამდე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია. სასამართლოს 9 წევრიდან განსხვავებული პოზიცია 3-მა დააფიქსირა - ირინე იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა.
პარლამენტში ზურაბიშვილის იმპიჩმენტი ჩავარდა, რადგან ქართულმა ოცნებამ საჭირო 100 ხმა ვერ მოაგროვა - ზურაბიშვილის გადაყენებას მხარი 86-მა დეპუტატმა დაუჭირა. ამის შემდეგ, ქართული ოცნების წევრებმა განაცხადეს, რომ სალომე ზურაბიშვილი ვადის ამოწურვამდე ქვეყნის "ფორმალური პრეზიდენტი" იქნება.
2024 წლის 13 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობას აპირებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის თქმით, პრეზიდენტმა მიუნხენის კონფერენციიდან ოფიციალური მოწვევა მიიღო.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს პრეზიდენტზე, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ოფიციალურად მიიწვიეს ამბობს, რომ ის "არ წარმოადგენს საქართველოს" და წარმოდგენილი იქნება, როგორც "კერძო პირი".