სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის პარლამენტში: ჩვენი ერი დღეს რეპრესიების მორიგი ტალღის ქვეშაა

სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის პარლამენტში: ჩვენი ერი დღეს რეპრესიების მორიგი ტალღის ქვეშაა

თუ საქართველომ ხვალ რუსეთის გავლენის ქვეშ მოექცა, ეს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის იქნება ტრაგედია, არამედ სტრატეგიული კატასტროფა ევროპისთვისაც, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ლიეტუვის პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"რუსული კოშმარი, რომელიც წარსულში გვინახავს, 21-ე საუკუნეშიც ბრუნდება. ჩვენი ერი დღეს რეპრესიების მორიგი ტალღის ქვეშაა. ჟურნალისტები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები პოლიციის განყოფილებებში მიჰყავთ და გაყალბებულ ბრალდებებს უყენებენ. ამ წუთას, როცა აქ ვდგავარ, ერთ-ერთი ცნობილი ხელოვანის სასამართლო მიმდინარეობს, რომელსაც 11-წლიანი პატიმრობა ემუქრება მხოლოდ იმის გამო, რომ მშვიდობიანი პროტესტი გამოხატა. ხელისუფლება რუსულ ტაქტიკას მიმართავს — ისინი პოლიციასა და მართლმსაჯულებას საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებენ, როგორც იარაღს.

ცნობილია ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმე, ასევე სტუდენტები, რომელთაც ბრალი ჯგუფურ ძალადობაში დასდეს. ისინი კრიმინალები არ არიან; ისინი ჩვეულებრივი მოქალაქეები არიან, რომელთაც თავისუფლებისა და დემოკრატიული მომავლის სჯერათ.

დღეს დემოკრატიული ღირებულებების რწმენა საკმარისია, რომ ადამიანი ციხეში აღმოჩნდეს.

[...]

ევროპამ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს. თუ საქართველო ხვალ რუსეთის გავლენის ქვეშ მოექცა, ეს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის იქნება ტრაგედია, არამედ სტრატეგიული კატასტროფა ევროპისთვისაც. ეს დაამტკიცებს, რომ რუსეთს მიზნების მისაღწევად სამხედრო აგრესია აღარ სჭირდება. ჰიბრიდული ომის, არჩევნებში ჩარევის და ეკონომიკური ზეწოლის მეშვეობით, ბევრად იაფად შეუძლია საკუთარი გეგმების განხორციელება. რუსეთი ამ ახალ მეთოდებს ახლა საქართველოში ცდის, როგორც 2008 წელს ცადა სამხედრო აგრესიის გამოყენება", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.