აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ჯეიკ სალივანის თქმით, ამერიკის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას იქნება "პირდაპირი", გაუზიარებს მას თავის აზრებსა და მასაც გულისწყურით მოუსმენს.
ცნობილია, რომ ახლად შექმნილ NATO-უკრაინის საბჭოზე განხილული იქნება უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემისა და ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრირების გარშემო არსებული საკითხები. დღეს, სწორედ ამ საბჭოს ფარგლებში, იგეგმება შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და უკრაინის ლიდერ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის.
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი, ჯეიკ სალივანი CNN-თან გაკეთებულ ინტერვიუში ამბობს, რომ ჯო ბაიდენი გეგმავს "ყურადღებით" მოუსმინოს უკრაინის პრეზიდენტს, მას შემდეგ რაც ამ უკანასკნელმა გამოთქვა იმედგაცრუება, უკრაინის ნატოში გაწევრიანების სტატუსთან მიმართებაში.
ჯეიკ სალივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მომავალში უკრაინა NATO-ში აუცილებლად გაწევრიანდება და ალიანსიც აქტიურად იმუშავებს ქვეყანასთან ამ გზაზე, მაგრამ დაამატა, რომ ამ ეტაპზე "არ ვართ მზად მოვიწვიოთ უკრაინა." ამის მიზეზად, რეფორმებთან ერთად, NATO იმას ასახელებს, რომ ამ გზით ალიანსი მიმდინარე ომში ჩაბმული აღმოჩნდება.
"პრეზიდენტ ზელენსკის აშკარად განსხვავებული შეხედულება ჰქონდა ამის შესახებ. მაგრამ პრეზიდენტი ბაიდენი დღეს მასთან პირდაპირი იქნება, როგორც ყველა სატელეფონო საუბარსა და შეხვედრაზე, რომელიც მათ ჰქონდათ. ჩამოაყალიბებს თავის აზრებსა და შეხედულებებს, ხოლო შემდეგ ყურადღებით მოუსმენს პრეზიდენტ ზელენსკის სათქმელს", - განაცხადა ჯეიკ საილივანმა CNN-თან ინტერვიუში.
კითხვაზე, რომელიც ომის დასრულების ვადებს შეეხებოდა, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა განაცხადა, რომ იგი "რაც შეიძლება სწრაფად" უნდა დასრულდეს, ხოლო პარალელურად NATO-მ მოქნილობა უნდა შეინარჩუნოს და მჭიდროდ ითანამშრომლოს უკრაინასთან, რათა გადაწყვიტოს როდის იქნება ყველაზე ხელსაყრელი დრო ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისთვის.
შეგახსენებთ, რომ უკრაინა-NATO-ს საბჭოს შექმნის შესახებ განცხადება NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა 11 ივლისს გააკეთა. მისი განცხადებით, შეხვედრაზე მხარეები უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფას, იარაღის მიწოდებასა და ქვეყნის NATO-ში ინტეგრაციას განიხილავენ. ეს აისახა სამიტზე მიღებულ კომუნიკეშიც.