სალივანი: არსებობს შეთანხმება, რომელიც მძევლების გათავისუფლებას გულისხმობს

სალივანი: არსებობს შეთანხმება, რომელიც მძევლების გათავისუფლებას გულისხმობს

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის განცხადებით, არსებობს შეთანხმება, რომელიც მძევლების გათავისუფლებას გულისხმობს.

სალივანის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით, ისრაელთან და სხვა ქვეყნებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

"ფრთხილად უნდა ვიყოთ საჯაროდ ამ თემაზე საუბრისას, რადგან ეს რა თქმა უნდა, დელიკატური და მგრძნობიარე მოლაპარაკებაა. პროცესში მონაწილეობენ ისრაელელები, სხვა ქვეყნები და ჩვენ. გვინდა დავრწმუნდეთ, რომ შინ დავაბრუნებთ მძევლად აყვანილ ამერიკელებს, ისევე, როგორც ყველა სხვა მძევალს. ასე რომ, ეს გრძელდება.

არსებობს შეთანხმება, რომელიც გულისხმობს მძევლების გათავისუფლებას და პრეზიდენტი არ აპირებს გაჩერებას, ვიდრე ამას არ მივაღწევთ, რათა თითოეულმა მძევალმა სახლში დაბრუნება შეძლოს", - ამბობს სალივანი.

7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის შემდეგ ჰამასის მებრძოლებმა მძევლები აიყვანეს და ღაზის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ბოლო მონაცემებით, მძევლად 242 ადამიანია აყვანილი, მათ შორის არიან როგორც ისრაელის, ისე სხვა ქვეყნის მოქალაქეები. მძევლებს შორის არიან ბავშვები და მოხუცები.

***

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.