აშშ-ის სენატმა მთავრობის დაფინანსების კანონპროექტები ვერ დაამტკიცა - შათდაუნი გრძელდება

აშშ-ის სენატმა მთავრობის დაფინანსების კანონპროექტები ვერ დაამტკიცა - შათდაუნი გრძელდება

აშშ-ის სენატმა ორშაბათს მეხუთედ ვერ შეძლო მთავრობის გახსნის მიზნით მომზადებული ფინანსური კანონპროექტების მიღება. დემოკრატებისა და რესპუბლიკელების მიერ წარმოდგენილი წინადადებებიდან ვერცერთმა ვერ გადააჭარბა 60 ხმის ბარიერს, რაც დოკუმენტების გასატანად იყო საჭირო.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დღის დასაწყისშივე განაცხადა, რომ ახალი ჩავარდნის შემთხვევაში მოსალოდნელი იქნებოდა მასობრივი გათავისუფლებები. ათასობით ფედერალური თანამშრომელი უკვე იძულებულია ან ანაზღაურების გარეშე იმუშაოს, ან შვებულებაში გავიდეს მას შემდეგ, რაც მათი სააგენტოების დაფინანსება ხუთი დღის წინ შეწყდა.

მიუხედავად მწვავე დაპირისპირებისა, ტრამპმა მიანიშნა, რომ მზად არის კომპრომისისთვის და დემოკრატებთან მოლაპარაკებების გაგრძელებისთვის. დემოკრატები კანონპროექტში ჯანმრთელობის დაცვის საკითხების გათვალისწინებას მოითხოვენ, ხოლო რესპუბლიკელები „სუფთა“ ბიუჯეტის მიღებას ცდილობენ. ორშაბათს პირველი ჩავარდა დემოკრატების მიერ მომზადებული ვერსია (45–50), შემდეგ კი რესპუბლიკელების (52–42).

მალე ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა, რომ მთავრობის დახურვისთვის პასუხისმგებლობა დემოკრატებს ეკისრებათ:
„მოხარული ვარ, ვიმუშაო დემოკრატებთან მათ ჩავარდნილ ჯანდაცვის პოლიტიკაზე ან სხვა საკითხებზე, მაგრამ ჯერ მათ უნდა გახსნან ჩვენი მთავრობა. სინამდვილეში, მათ დღესვე უნდა გახსნან ის!“ — დაწერა პრეზიდენტმა.

დემოკრატები აცხადებენ, რომ რესპუბლიკელთა ინიციატივა აზიანებს დაბალშემოსავლიანი ამერიკელების სამედიცინო ხელმისაწვდომობას. მათი მოთხოვნით, ნებისმიერი დაფინანსების კანონპროექტი უნდა შეიცავდეს ჯანმრთელობის დაზღვევის სუბსიდიების გაგრძელებას და Medicaid-ის პროგრამის შემცირებების გაუქმებას.

რესპუბლიკელები, თავის მხრივ, ადანაშაულებენ დემოკრატებს, თითქოს ისინი „არალეგალური მიგრანტებისთვის“ ჯანდაცვის უზრუნველყოფის მიზნით აჩერებენ მთავრობას - რასაც დემოკრატები კატეგორიულად უარყოფენ. GOP-ის ლიდერები აცხადებენ, რომ ჯანდაცვის თემას ცალკე კანონმდებლობით განიხილავენ მას შემდეგ, რაც მთავრობა კვლავ გაიხსნება.

ოვალური კაბინეტიდან ტრამპმა აღნიშნა, რომ დემოკრატებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

"ამჟამად გვაქვს მოლაპარაკება დემოკრატებთან, რომელმაც შესაძლოა ძალიან კარგი შედეგები მოიტანოს - განსაკუთრებით ჯანდაცვის მიმართულებით," - განაცხადა მან.

სენატის დემოკრატთა ლიდერმა ჩაკ შუმერმა კი X-ზე დაწერა: "ეს სიმართლე არ არის."

თეთრი სახლი შათდაუნის დაწყებიდანვე აკეთებდა გამაფრთხილებელ განცხადებებს, რომ ფედერალური თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლება „ახლოვდებოდა“. პრესმდივანმა კეროლინ ლევიტმა ორშაბათს დაადასტურა, რომ ბიუჯეტის მართვის ოფისი უკვე ამზადებს სამსახურების შემცირების გეგმას.

"არ გვინდა, რომ ვინმემ დაკარგოს სამსახური, მაგრამ თუ ეს სიტუაცია გაგრძელდა, სამწუხაროდ, შემცირებები გარდაუვალია," - აღნიშნა მან და დემოკრატებს მოუწოდა დათმობაზე წასვლისკენ: "სასაუბრო არაფერი გვაქვს - უბრალოდ გახსენით მთავრობა."