საქსტატის მონაცემებით, საქართველოში შობადობა შემცირდა

საქსტატის მონაცემებით, საქართველოში შობადობა შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კვლევის მონაცემებით, 2024 წელს, საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 39 483 ბავშვი შეადგინა, მათ შორის 20 755 ბიჭი და 18 728 გოგოა.

აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით შემცირებულია 1.8%-ით.

საქსტატის ცნობით, 2024 წელს, დაბადებულთა ყველაზე მეტი რიცხოვნობა დაფიქსირდა ქ. თბილისში (14 415 ბავშვი), ხოლო ყველაზე მცირე – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (237 ბავშვი).

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კვლევის მონაცემებით, ცოცხლად დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, რიგით პირველი დაბადებულის წილი შემცირდა 37.7 პროცენტიდან 35.9 პროცენტამდე, მეორე შვილის წილი თითქმის უცვლელი დარჩა და შეადგინა 33.7, ხოლო მესამე და მომდევნო რიგითობის დაბადებულთა წილი გაიზარდა 27.5 პროცენტიდან 29.0 პროცენტამდე.

2024 წელს, ცოცხლად დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში, წინა წელთან შედარებით, 25 წლამდე ასაკის დედების მიერ გაჩენილი ბავშვების წილი 24.6 პროცენტიდან 23.2 პროცენტამდე შემცირდა, 25-39 წლის ასაკობრივი ჯგუფის დედების წილი თითქმის უცვლელი დარჩა და შეადგინა 69.5 პროცენტი. ზრდა შეინიშნება 40 წლის და უფროსი ასაკის დედებში, მათი წილი 6.0 პროცენტიდან 7.3 პროცენტამდე გაიზარდა.

2024 წელს, დედის საშუალო ასაკი პირველი ბავშვის დაბადებისას 27.0 წლით განისაზღვრა.

მონაცემების მიხედვით, 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, გარდაცვლილთა რიცხოვნობა 2.8 პროცენტით გაიზარდა და 43 971 ერთეული შეადგინა. გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა ქ. თბილისში (12 492 კაცი), ხოლო ყველაზე ნაკლები – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (533 კაცი).

2024 წლის მონაცემების მიხედვით, ჩვილ ბავშვთა მოკვდაობის კოეფიციენტმა (1 წლამდე გარდაცვლილთა რიცხოვნობა 1 000 ცოცხლად დაბადებულზე) 7.4 პრომილე შეადგინა. 2024 წელს, 5 წლამდე ასაკის გარდაცვლილთა კოეფიციენტმა (1 000 ცოცხლად დაბადებულზე) 8.6 პრომილე შეადგინა

2024 წელს, საქართველოში დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) და -4 488 ერთეულით განისაზღვრა. ამასთან, უარყოფითი ბუნებრივი მატება დაფიქსირდა ყველა რეგიონში, გარდა თბილისის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქვემო ქართლის რეგიონისა.

რაც შეეხება ქორწინებას – 2024 წელს, რეგისტრირებულია 21 653 ქორწინება, რაც 2.8 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით.

საქსტატი მიუთითებს, რომ პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის შეადგენს 29.9 წელს, ხოლო მამაკაცებისთვის 32.2 წელს.

2024 წელს, რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ 13 520 ერთეული შეადგინა, რაც 1.1 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.