
საქსტატი საქართველოს 2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის წინასწარ შედეგებს აქვეყნებს.
აღწერის მიხედვით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 3 914 000 ადამიანია, საიდანაც 2 078 000 (53%) ქალია, ხოლო 1 836 000 (47%) კაცი.
აქედან ქალების წილი შედარებით მაღალია თბილისსა (56%) და ქუთაისში (55%), ხოლო ყველაზე დაბალია მცხეთის (49%), ხარაგაულის (49%) და საგარეჯოს (49%) მუნიციპალიტეტებში.
აღწერის შედეგად ასევე ირკვევა, რომ მოსახლეობის 62% (2 423 000 ადამიანი) საქალაქო დასახლებებში ცხოვრობს, ხოლო 38% (1 491 000 ადამიანი) სოფლად.
რაც შეეხება რეგიონებს, თბილისის გარდა საქალაქო დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობის წილი მაღალია აჭარაში (66%), რაც, ძირითადად, ბათუმის მოსახლეობის მაღალი რიცხოვნობით არის განპირობებული, ხოლო ხოლო შედარებით დაბალია მცხეთა-მთიანეთის (20%), კახეთის (21%), რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის (24%) რეგიონებში.
თბილისში ცხოვრობს საქართველოს მოსახლეობის 34%. მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით მეორე და მესამე ადგილს იკავებენ იმერეთის და ქვემო ქართლის რეგიონები, რომლებზეც მოდის შესაბამისად მოსახლეობის 12.9% და 11.2%.
რიცხოვნობის მიხედვით კი ყველაზე ნაკლები ადამიანი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში ცხოვრობს - 0.7%.