სახმელეთო ჯარების მეთაური: ბახმუტის დაცვა გრძელდება, მიმდინარეობს ინტენსიური ბრძოლები

სახმელეთო ჯარების მეთაური: ბახმუტის დაცვა გრძელდება, მიმდინარეობს ინტენსიური ბრძოლები

უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურის, ოლექსანდრ სირსკის განცხადებით, ბახმუტის დაცვა გრძელდება. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს.

"ბახმუტის დაცვა გრძელდება. ფრონტის მთელ ხაზზე ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. ბახმუტის მიმართულებით მუდმივად ნადგურდება მტრის ტექნიკა, ცოცხალი ძალა და საწყობები.

მტრის თავდასხმის ჯგუფები ცდილობენ გადაადგილდნენ გარეუბნიდან ქალაქის ცენტრში, მაგრამ უკრაინის თავდაცვის ძალები მათ [რუს ოკუპანტებს] მთელი დღის განმავლობაში ანადგურებენ", - თქვა უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურმა.

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსი ოკუპანტები ვერ აღწევენ დასახულ მიზნებს, მათ შორის ქალაქ ბახმუტის აღებას, რომელიც ჯერ კიდევ უკრაინელი სამხედროების ხელშია. ამავდროულად, ინსტიტუტი აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციის "დიდი შეტევა" უკრაინაში, სავარაუდოდ, კულმინაციას უახლოვდება.

16 მარტს, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსები აგრძელებენ ბახმუტის შტურმს და აპირებენ, განაახლონ შეტევა ვუჰლედარზე.