აფხაზეთის ე.წ ხელისუფლების მიერ უკანონოდ დაკავებული ირაკლი ბებუას ოჯახის წევრის, თამუნა ბებუას თქმით, ხვალ დაგეგმილი აქცია მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სახელმწიფომ ირაკლის მიმართ საზოგადოების მხარდაჭერა დაინახოს.
სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში მან სახელმწიფოს მხრიდან უმოქმედობაზე ისაუბრა და თქვა, რომ ოჯახისთვის არცერთ მაღალჩინოსანს მხარდაჭერა არ გამოუხატავს.
ბებუა ფიქრობს, რომ სახელმწიფოს ქმედითი ნაბიჯების გადადგმის სურვილი არ აქვს.
"ამ აქციის ორგანიზებაში თავად ვარ ჩართული. ამ მომენტისათვის ყველაზე მნიშვნელოვანია მოქალაქეების აქტივობა იმიტომ, რომ სახელმწიფოს უნდა დავანახოთ, რომ ირაკლი არ არის მარტო. ამის გარეშე რეალურად, სახელმწიფოს არ უნდა და არ სურს ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. ხალხი უნდა დაუდგეს ირაკლის გვერდით, რომ დავანახოთ ჩვენი გასაჭირი ერთად...
არც ერთ მაღალჩინოსანი ჩვენამდე არ მოსულა და არ გამოუთქვამს მხარდაჭერა, რამეთუ განცხადება გაკეთებინათ ირაკლის შესახებ. ამიტომ, დღევანდელი მდგომარეობა ოჯახისთვის გასაკვირი არ არის. ამიტომ, არც ველოდებით მათგან რაიმე განცხადების გაკეთებას. ბერკეტები არსებობს ბევრი, თუნდაც საერთაშორისო პლატფორმები, მოლაპარაკებები, თუმცა ვფიქრობ,რ ომ აქ ბერკეტებში არაა საქმე, სურვილთან გვაქვს საქმე. საკმარისი სურვილი არ აქვს სახელმწიფოს, რომ გამოიყენოს ყველა ბერკეტი ირაკლის გასათავისუფლებლად"- თქვა ბებუამ.
თამუნა ბებუამ ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთი წლის წინ მისი ჯანმრთელობა შემოწმდა და დადასტურდა, რომ ქრონიკული დაავადებები აქვს და მდგომარეობა გართულებულია.
ხვალ, 24 ოქტომბერს 19:00 საათზე, პარლამენტთან აფხაზეთის ე.წ ხელისუფლების მიერ უკანონოდ დაკავებული ირაკლი ბებუას მხარდამჭერი აქცია გაიმართება.
19 ოქტომბერს, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა (SCJ) გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
საქართველოს მოქალაქე, ირაკლი ბებუა გალში კულტურის სახლის წინ აფხაზური დროშის დაწვისთვის 2020 წლის 30 სექტემბერს დააკავეს. მან ასე 27 სექტემბერს, ოკუპირებულ აფხაზეთში სოხუმის დაცემის დღის ზეიმით აღნიშვნა გააპროტესტა. მის სახლში ჩხრეკის დროს დე-ფაქტო მილიციამ ხელყუმბარა ამოიღო, რომელსაც ის თითქოსდა საკუთარ საწოლში, ბალიშის ქვეშ ინახავდა.
ვიდეოში, რომელშიც ირაკლი ბებუა სავარაუდოდ დე ფაქტო ხელისუფლების "სამართალდამცავ ორგანოებთან" დაკითხვაზე იმყოფებოდა, დროშის დაწვას ადასტურებს, თუმცა აღნიშნავს, რომ მას აფხაზებთან საწინააღმდეგო არაფერი აქვს და პირიქით, ის ამ ორი ხალხის მეგობრული ურთიერთობის მომხრეა და დროშაც სწორედ მათი დაყოფის მიმართ პროტესტის ნიშნად, სიმბოლურად, დაწვა.
ბებუას უკანონო ბრალი 3 მუხლით წარუდგინეს: სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფის, სხვისი ქონების განზრახ განადგურებისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენისთვის.
საოკუპაციო რეჟიმის სასამართლომ მას 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.