სახალხო დამცველმა დააკმაყოფილა ანანია (ანი) გაჩეჩილაძის მოთხოვნა და დაადგინა შალვა რამიშვილის მიერ ანანია გაჩეჩილაძის სექსუალური შევიწროების ფაქტი.
გასული წლის მარტში შაბათის ფორმულამ გაავრცელა აუდიო ჩანაწერი, რომელიც POSTV-ის ხელმძღვანელის, ქართული ოცნების პროპაგანდისტის შალვა რამიშვილის და საქმიან შეხვედრაზე მისული 22 წლის ქალის გასაუბრებას ასახავს. აუდიომასალაში ისმის რა მეთოდებით არჩევს რამიშვილი თანამშრომლებს და რა ინტიმურ თემებზე ესაუბრება ახალგაზრდა ქალს, რომელიც მასთან გასაუბრებაზე მივიდა.
აუდიო ჩანაწერის გავრცელებიდან რამდენიმე თვეში ანანია გაჩეჩილაძემ სახალხო დამცველს მიმართა.
"2018 წელს განმცხადებელს, ანანია გაჩეჩილაძეს დაუკავშირდა "pos tv"-ის დირექტორი, შალვა რამიშვილი და შესთავაზა ინტერვიუს მომზადება. ინტერვიუსთან დაკავშირებით შეხვედრა რამდენიმე დღეში შედგა. შეხვედრის განმავლობაში, ნაცვლად ინტერვიუსთან დაკავშირებული დეტალებისა, შალვა რამიშვილი ანანია გაჩეჩილაძეს უსვამდა პირადი ხასიათის შეკითხვებს, აფასებდა მის გარეგნობას უარყოფით თუ სექსუალურ კონტექსტში, აგრეთვე ადგილი ჰქონდა არასასურველ სექსუალური ხასიათის ფიზიკურ შეხებას. სახალხო დამცველმა დაადგინა სექსუალური შევიწროების ფაქტი ფიზიკურ შეხებასთან და სხეულისა და გარეგნობის თაობაზე გაკეთებულ შეფასებებთან დაკავშირებით. სახალხო დამცველი დაეყრდნო განმცხადებლის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, ვინაიდან შალვა რამიშვილმა არ ითანამშრომლა აპარატთან. წინამდებარე საქმის შესწავლის პროცესში, მოპასუხეს განემარტა მტკიცების ტვირთის სტანდარტი, თუმცა, მოპასუხეს სექსუალური შევიწროების ფაქტის უარყოფის მიზნით, მისი პოზიცია/არგუმენტები არ წარმოუდგენია. საქმე მნიშვნელოვანია/პრეცედენტულია რადგან სახალხო დამცველმა პირველად დაადგინა, სექსიზმი, როგორც სიძულვილის ენის აკრძალვის ერთ-ერთი ფორმა, რაც რეგულირდება „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონით", - აღნიშნულია სახალხო დამცველის ანგარიშში.
საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა შალვა რამიშვილს, მომავალში, პროფესიულ და სხვა ურთიერთობებში, არ განახორციელოს სექსუალური შევიწროება და არ შეუქმნას ინდივიდებს შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი ან/და მათი ღირსებისთვის შეუსაბამო გარემო, აგრეთვე, დაავალა, რომ რეკომენდაციის შესრულების მიზნით გატარებული ღონისძიებების თაობაზე აცნობოს 20 დღის ვადაში.
***
გასული წლის გაზაფხილზე POSTV-ის ტელეწამყვანი და ქართული ოცნების პროპაგანდისტი შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში არაერთმა ქალმა ამხილა. მათ შორის პირველი იყო ჟურნალისტი მაკო ჯაბუა, რომელმაც რამიშვილის მხრიდან სექსუალურ შევიწროების შესახებ ინფორმაცია 21 მარტს გაავრცელა. ამის შემდეგ რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში კიდევ რამდენიმე ქალმა ამხილა. მათი ისტორიები მსგავსია. როგორც ქალები ამბობენ, ისინი გასაუბრების დროს შეავიწროვეს. სექსუალური შევიწროების ბრალდებებს უარყოფს შალვა რამიშვილი.
თუმცა ამ შემთხვევამდე რამდენიმე წლით ადრე შალვა რამიშვილის მხრიდან სექსუალურ შევიწროებაზე ისაუბრა თათია სამხარაძემ. მან რამიშვილს სასამართლოში უჩივლა და ყველა ინსტანციაში მოუგო.