სახალხო დამცველი სოფელ კირბალში ლევან დოთიაშვილს შეხვდა. ლევან იოსელიანმა თამაზ გინტურის მკვლელობის შესახებ მისი ერთადერთი მოწმისგან მიიღო ინფორმაცია. დოთიაშვილმა მას საკუთარი გატაცებისა და ცხინვალის იზოლატორში პატიმრობის შესახებაც მოუყვა.
ლევან იოსელიანის თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა გინტურის მკვლელობაში მონაწილეები დაისაჯონ.
"კიდევ ერთხელ მივუსამძიმრე ბატონი თამაზის ოჯახს. შევხვდი მის შვილს, შევხვდი ლევანს [დოთიაშვილს] და კიდევ ერთხელ დავინტერესდი იმ გარემოებებით, რაც ბატონ თამაზის მკვლელობას ეხება, როგორ მიმდინარეობს გამოძიება, რამდენად ჩართულნი არიან როგორც საგამოძიებო უწყებები, ის ადგილობრივი მუნიციპალური სამსახურები, მათ შორის ფსიქო რეაბილიტაციის კუთხით თუ სჭირდება და თუ ჰქონდა შეთავაზება. ასევე დავინტერესდი უსაფრთხოების გარემოთი ამ სოფელში", - განაცხადა იოსელიანმა.
თამაზ გინტური 6 ნოემბერს სოფელ კირბალში რუსმა ჯარისკაცმა მოკლა. შემთხვევის დროს მასთან ერთად მყოფი ლევან დოთიაშვილი ოკუპანტებმა გაიტაცეს, რამდენიმე დღეში კი ცენტრალურ ხელისუფლებას გადასცეს.
დოთიაშვილი იხსენებს, რომ ლომისის ტაძარში იმყოფებოდნენ, რა დროსაც ე.წ. მესაზღვრეები გამოჩნდნენ. თავდაპირველად რუსმა ჯარისკაცმა გამაფრთხილებელი ტყვია გაისროლა, რის შემდეგაც, თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი მას გაესაუბრნენ, შემდეგ ტერიტორია დატოვეს. მანქანაში ჩასხდომიდან რამდენიმე წუთში რუსმა ჯარისკაცმა გამიზნული სროლა დაიწყო. დოთიაშვილი ამბობს, მანქანიდან დაჭრილი თამაზ გინტურის გადმოყვანის შემდეგ მან სასწრაფოში დარეკა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მისივე თქმით, ადგილზე კიდევ 7 რუსი ჯარისკაცი გამოჩნდა, რომლებიდანაც ერთ-ერთმა მას დაარტყა, მიწაზე დააწვინა და ბორკილები დაადო.
ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მოკლულმა და გატაცებულმა ე.წ. მესაზღვრეებს წინააღმდეგობა გაუწიეს და სასაზღვრო სამსახურის პერსონალის მიმართ "უკიდურესი აგრესია" გამოიჩინეს. ცხინვალში აცხადებენ, რომ გამოძიება დაიწყეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახი სავარაუდო მკვლელებს ასახელებს. როგორც მისი ძმა ჟურნალისტებთან ამბობს, ეს ინფორმაცია მას სანდო წყარომ მიაწოდა. მისი თქმით, ეს პირები, სავარაუდო მკვლელები არიან ვასილ დემიდოვი და ნიკოლაი იშჩენკო.