საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება და უარყოფითად აფასებს საქართველოს პარლამენტში ინიციირებულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც გენდერული კვოტირების გაუქმებაა.
როგორც ომბუდსმენი აღნიშნავს, ხსენებული ცვლილებების საპირისპიროდ, საქართველოს პარლამენტმა 2022 წელს მხარი დაუჭირა გენდერული კვოტირების 2032 წლამდე გახანგრძლივებას.
"გენდერული კვოტირების მექანიზმი არა ქალების მიმართ მინიჭებული პრივილეგია, არამედ ქალთა მიმართ დისკრიმინაციული მიდგომის აღმოფხვრის, სტერეოტიპებთან ბრძოლისა და საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულების შესრულების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.
ქალები ყოველდღიურად აწყდებიან უხილავ ბარიერებს, რომელთა აღმოფხვრა და ქვეყანაში არსებითი თანასწორობის მიღწევა სავალდებულო გენდერული კვოტის პროპორციის დახვეწით და სხვა ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელებითაა შესაძლებელი. დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებებით კი უგულებელვყოფთ ქალების მრავალწლიანი ბრძოლის შედეგებს და ვაუარესებთ თანასწორობის მისაღწევად არსებულ მექანიზმებს", - აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.
პირველ აპრილს გირჩი გენდერული კვოტირების გაუქმების ინიციატივით გამოვიდა. პარტიაში სურთ, ცვლილებები დაჩქარებული წესით იქნას მიღებული.
ქართული ოცნება მის მიერვე მიღებული გენდერული კვოტირების გაუქმებას მხარს უჭერს.